თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ჰოლივუდური ფრანშიზის - „ფორსაჟი 9“-ის ფინალური ნაწილის საქართველოში გადაღება სახელმწიფო ხაზინას 32 მილიონი ლარით შეავსებს, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომპანია Universal-ის ცნობილი ფრანშიზის - „ფორსაჟის“ მცირე ეპიზოდის გადაღება თბილისში - რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ძველ თბილისში და ქალაქ რუსთავშია დაგეგმილი.
მოსალოდნელია, რომ გადაღების პროცესი ერთ თვეზე მეტხანს გასტანს.
„ვულოცავ ყველას - ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში! ბევრი აზრი გაჩნდა , მათ შორის, რამდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის: პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი - ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივი დასაქმებულებისთვის და.ა.შ. მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ“, - მიიჩნევს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.
ხიდურელის თქმით, ჰოლივუდმა „მწვანე შუქი“ აუნთო და გაზარდა საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კინოლოკაციის, ცნობადობა.
„ჩვენზე უკვე სხვა სტუდიები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი და დასძენს, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მონაწილეობაზე სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ კინოპროექტებში.
„ფორსაჟი 9“–ის გადაღება საქართველოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტ Cash Rebate ანუ „გადაიღე საქართველოში“–ის ფარგლებში წარმოებს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებების დროს მწარმოებლების მიერ დახარჯული თანხის 25%–ის უკან დაბრუნებას.
„ფორსაჟი“ (The Fast and the Furious) არის ამერიკული მედიაფრანშიზი, რომელიც 2001-2017 წლებში გადაღებული რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. ეს სტუდია Universal-ის ყველაზე მსხვილი და მომგებიანი ფრანშიზია - მსოფლიოს მასშტაბით ფილმის ყველა ნაწილის საკასო შემოსავალმა 5,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.