თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ტურიზმის განვითარების კუთხით აჭარაში არსებული უნიკალური ტენდენცია შენარჩუნდეს.
თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან აკრძალა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოში გამგზავრების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები აზარალებს ტურიზმის სფეროს, რადგან ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეები რაოდენობის მხრივ საქართველოში ტურისტებს შორის ლიდერობდნენ. ადრე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ საქართველოში ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს.
ბახტაძის სიტყვებით, ივნისში აჭარაში ტურიზმის ზრდამ, გასულ წელთან შედარებით 40% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ატარებს, შედეგი მოაქვს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ისეთი ლამაზი რეგიონი, როგორიც აჭარაა, აუცილებლად იქნება ეკონომიკურად ძლიერი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
ბახტაძე ასევე შეეხო იმ პროგრამებს, რომლებიც ტურიზმის სფეროში დასაქმებული მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„წელს ისე სჭირდება მხარდაჭერა აჭარას, როგორც არასდროს. მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემების გამო ჩვენს მეწარმეებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული პროექტი, რომელთა ბენეფიციარები მათ შორის აჭარაში მომუშავე მეწარმეები იქნებიან", - განაცხადა ბახტაძემ.
მისი სიტყვებით, პირველ რიგში ეს გულისხმობს იმ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების თანადაფინანსებას, რომლებიც დაზარალდნენ და მეორე არის სახელმწიფო გარანტიები იმ სასტუმროების მშენებლობაზე, რომლებიც ხორციელდებოდა და შექმნილი კონიუნქტურის გამო, შესაძლოა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა გაზიფიცირების პროექტი, რომლის მეორე ფაზა უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი უწოდა პრემიერმა ხულო-ზარზმის გზის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარიმართება.
„უკვე გაკეთებულია ბეშუმის განვითარების გენერალური გეგმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იგივე პრობლემები არ შევქმნათ ამ ულამაზეს კურორტზე, რომელიც სამწუხაროდ, სხვა კურორტებზე ქაოსური განვითარების შედეგად შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, გოდერძის და ბეშუმის კურორტები ერთ კლასტერში განვითარდეს. ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ამ ულამაზეს ადგილზე შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტი", - აღნიშნა ბახტაძემ.
მისი სიტყვებით, მიმდინარეობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
„მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ ეს პროექტები იყო მათი მთავარი მოთხოვნა", - განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობამ საქართველოს ტურისტულ სექტორში ანტიკრიზისული ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით, აქცენტი გაკეთდება საქართველოს, როგორც მშვიდი ტურისტული ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებაზე.
მეორე მიმართულება საქართველოში ტურისტების ალტერნატიული გზებით ჩამოსვლაში დახმარება. კერძოდ, მთავრობა დააფინანსებს ავიარეისებს რუსეთში ერევნის გავლით თბილისიდან და ბათუმიდან და ასევე საქართველოდან ბრიუსელსა და ლონდონში.
მესამე მიმართულებაა სასტუმროებისთვის საკრედიტო-საფინანსო გარანტიების მექანიზმის ამოქმედება.