თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით თბილისს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სამედიცინო კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა >>
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ქართული სამედიცინო დაწესებულებები, გაცნობოდნენ სერვისებს და პირადად ექიმებისგან მოესმინათ ქართული მედიცინის შესაძლებლობები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამედიცინო ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეიქმნა მსგავსი პლატფორმა, როგორიც არის Treat in Georgia, ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ დღეს მათი მეშვეობით საქართველოში ჩამოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც ზოგადად ქმნიან ფონს მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე თვის წინ სამედიცინო ტურიზმის საბჭოც შეიქმნა.
სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტ პაატა რატიანის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებთან სამედიცინო ტურიზმის თემაზე კომუნიკაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.
„დღეს იმართება ჩვენი მასშტაბური ინფოტური, იგივე სამიზნე ჯგუფისთვის. ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე. ჩამოყვანილი გვყავს დაახლოებით 40–მდე ბაერი კომპანია და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაცია“, – განაცხადა პაატა რატიანმა.
საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ისინი ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ზურაბიშვილმა ტურიზმის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა >>
უცხოელები დიდი ინტერესს იჩენენ ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტებისადმი, როგორიცაა ბორჯომი, წყალტუბო და ა.შ. საქართველოში სულ 183 გამაჯანსაღებელი კურორტია დარეგისტრირებული.