თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა, რომელიც დაკავდება აღნიშნული დარგის პოპულარიზაციით როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
სამედიცინო ტურიზმი საქართველოში – სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე>>>
სამედიცინო ტურიზმის ახალი საბჭოს პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. პრეზენტაციის დროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ბოლო პერიოდში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შექმნას. ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა იქნება კერძო სექტორთან საუბრისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების კარგი შესაძლებლობა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა ესწრებოდა.
„ტურიზმი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და სასიხარულოა, რომ დღეს ფორმდება მომერანდუმი და იქმნება სამედიცინო ტურიზმის საბჭო, რომელიც ითანამშრომლებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ, რამდენადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ეს ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი იქნება“, – აღნიშნა ბოხუამ.
საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ისინი ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან.
უცხოელები დიდი ინტერესს იჩენენ ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტებისადმი, როგორიცაა ბორჯომი, წყალტუბო და ა.შ. სულ საქართველოში 183 გამაჯანსაღებელი კურორტია დარეგისტრირებული.