თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველო „ინოვაციურ გლობალურ ინდექსში" 11 პოზიციით დაწინაურდა და 48-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანა ამ რეიტინგის ტოპ-50-ში პირველად აღმოჩნდა.
მოხსენება „ინოვაციური გლობალური ინდექსი" მოამზადეს კორნელის უნივერსიტეტმა, INSEAD-ის ბიზნესის სკოლამ და გაეროსთან არსებულმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ.
კვლევამ განსაზღვრა ინოვაციური საქმიანობის ეფექტურობის რეიტინგი მსოფლიოს 129 ქვეყანაში. ის 82 ინდიკატორს ეფუძნება. მოხსენების ამ გამოშვებაში განიხილება ინოვაციებზე ორიენტირებული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინოვაციების განვითარებაში ქვეყნის პროგრესს მაღალი შეფასება მისცა.
„აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ინოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე ვალდებულებები, რაც ავიღეთ განათლების განვითარების თვალსაზრისით", – განაცხადა თურნავამ პირველი არხის ეთერში.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, ამ რეიტინგში რუსეთს 46-ე ადგილი უკავია, სომხეთს – 64-ე, აზერბაიჯანს – 84-ე, ხოლო თურქეთს – 49-ე.
მოხსენების თანახმად, რეიტინგის პირველი ათეული ამგვარად გამოიყურება: შვეიცარია, შვედეთი, აშშ, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, დანია, სინგაპური, გერმანია და ისრაელი.
„ინოვაციების გლობალური ინდექსი" წარმოადგენს ორი სუბინდექსის – ინოვაციური ხარჯებისა (აღწერს არსებულ რესურსებსა და პირობებს ინოვაციების გატარებისთვის) და ინოვაციური შედეგების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც ინოვაციების განხორციელებით მიღწეულ პრაქტიკულ შედეგებს ასახავს.
ყველა მაჩვენებელი, რომელთა მიხედვითაც დგება რეიტინგი, გაერთიანებულია შვიდ ძირითად ჯგუფში: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ბიზნესის განვითარების დონე, შედეგები ცოდნისა და ტექნოლოგიების სფეროში, შემოქმედებითი საქმიანობის შედეგები.