თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველო ლიდერია რეგიონში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარების, ინოვაციების განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, ამის შესახებ კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტონი ტაუნს-უიტლიმ განაცხადა.
ხუთშაბათს დავოსში Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა. კვირიკაშვილი შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა, რომლის დევიზია „პასუხისმგებლიანი ლიდერობა“.
Microsoft-ი განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, აღნიშნა ტაუნს-უიტლიმ.
გიორგი კვირიკაშვილმა ტაუნს-უიტლის მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ბიზნესის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებაა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით Microsoft-თან თანამშრომლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
2016 წლის ნოემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Microsoft–თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც განათლების პროცესის მხარდაჭერის მიზნით სკოლებში Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში სკოლების კომპიუტერები უახლესი ოპერაციული სისტემებითა და Microsoft–ის პროგრამებით აღიჭურვება.
კომპანია Microsoft-ი საქართველოს განათლების სამინისტროსთან უკვე შვიდი წელია თანამშრომლობს — ატარებს მასწავლებლებისთვის ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს.
კომპანია Microsoft-ი მსოფლიო ლიდერია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.