თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა მოლაპარაკებები შვეიცარიის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან, რომელსაც რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.
კვირიკაშვილისა და ლოიტჰარდის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი აღნიშნეს, ნათქვამია პრემიერის Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც საქართველომ 2016 წლის ივნისში კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გააფორმა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოს მთავრობის გეგმა ითვალისწინებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმებს, სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება მიმართული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მედიატორის როლისთვის.
საქართველომ და შვეიცარიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო–ეკონომიურ სფეროში, ტექნიკურ, საფინანსო და ჰუმანიტარულ საკითხებში.