საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ქვეყნის მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის ცენტრში 20 ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეგავლენის შედეგად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დააჩქარა.
ბახტაძე: რომელ პარტიებთან არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“>>>
კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. ახლა დეტალებიღაა შესათანხმებელი.
არჩევნები ახლებურად
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ეს ბევრ პარტიას მისცემს შესაძლებლობას – საკანონმდებლო ორგანოში თუნდაც ერთი ადგილი მოიპოვოს.
დეპუტატის მანდატები შემდეგი ფორმულით გადანაწილდება: არჩევნებზე მიღებული ხმები გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.
2016 წლის არჩევნები ამავე სისტემით რომ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას, მით უმეტეს, საკონსტიტუციოს, ვერ მოიპოვებდა. მას 70 მანდატი ერგებოდა. ამასთან, პარლამენტში მოხვდებოდნენ პარტიები, რომლებმაც ხმების 1%-იც კი ვერ დააგროვეს.
მმართველმა პარტიამ, რომელიც შეგნებულად წავიდა ასეთ დათმობაზე, საკუთარი პირობები წამოაყენა – 2020 წლის არჩევნებზე არ უნდა იყოს არანაირი კოალიციები, ყველა პარტია დამოუკიდებლად უნდა დარეგისტრირდეს.
პროპორციული სისტემის უპირატესობა
პროპორციული სისტემა საუკეთესო კი არ არის, დღევანდელი საქართველოსთვისაა ყველაზე ადეკვატური, ფიქრობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„პროპორციული სისტემა იმ რეალობას მოიტანს, რომ ვერც ერთი პარტია ვერ იოცნებებს, პარლამენტში ერთადერთი ძალა იყოს, ვინც მთავრობას დააკომპლექტებს... კონკურენტთან ჭიდილთან ერთად გრძელვადიანი შეთანხმებაც უნდა ვისწავლოთ. ესაა თავისუფლება, დემოკრატია და ამას მიჰყავს ქვეყანა წინ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
თავის დროზე უსუფაშვილი იმ კოალიციის წევრი იყო, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ მეთაურობით 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა.
პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის არჩევნებს ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის გარდამტეხი პერიოდი უწოდა.
„ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს არჩევნებში და დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის, ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც უკვე არის ბარიერიც და არის პროპორციული საარჩევნო სისტემაც“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საარჩევნო სისტემის ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთადერთი საკითხია, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სრულ კონსენსუსს მიაღწიეს. მეტიც, საქართველოს პარლამენტის სიდიდით მეორე პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, დაეჩქარებინათ შესწორებების მიღების პროცესი.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში შესწორებებს ვერ მიიღებს. მმართველი პარტია გაზაფხულზე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და მან დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა.
კოალიციური მთავრობა
„ქართული ოცნება“ მზადაა იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ვერ მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ჩამოყალიბება პარლამენტში სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების გზით მოუწიოს.
„რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ალბათობას, რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერის პირობებში ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემა კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
„ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში გაერთიანებას არ გამორიცხავს ახალი პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც გაზაფხულზე სკანდალურად დატოვა მმართველი პარტიის რიგები.
„გამიჭირდება იმის თქმა, როგორი პერსპექტივა აქვს „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს, მაგრამ ვიდრე არ მოხდება პარტიის შიდა წმენდა და იმ ადამიანებისგან გათავისუფლება, რომლებმაც ქვეყანა წარსულში დააბრუნეს, გამიჭირდება თანამშრომლობის შესაძლებლობის დანახვა, თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის შექმნის რეალობის წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა ბესელიამ.
თავისი გათვლები აქვს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც, წელიწადზე მეტია, ირგვლივ შემოიკრიბა ცხრა პატარა პარტია და ამ გაერთიანებას უწოდა „ძალა ერთობაშია“.
დრო არც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დაუკარგავს – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშია. მიმდინარე წლის მაისის შუალედური არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა. არც ისე დიდი ხნის წინ ეს პარტიები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ. „თავისუფალი დემოკრატები“ იყო „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული კოალიციის წევრი, „ევროპული საქართველო“ კი 2017 წლის დასაწყისში დააფუძნეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა ავტორიტეტულმა პოლიტიკოსებმა.
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს ასევე ცნობილი ქართველი ბანკირი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც თავის გეგმებზე წინა კვირაში ისაუბრა. უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნება.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლების კომპრომისში ავი ზრახვები დაინახა.
„ნულპროცენტიანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნების გზა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ექსპერტების მოსაზრება
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც თავის დროზე კონსტიტუციაში შესწორებებზე მუშაობდა, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ესაა შესწორება, რომელსაც შეუძლია პარლამენტში შესული სუბიექტების რაოდენობის ან იმ პარტიების მანდატების გაზრდა, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს... ეს აუცილებელია სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის, ვინაიდან ერთპარტიული უმრავლესობა დიდ საფრთხეს შეიცავს მთელი საზოგადოებისთვის“, – განუცხადა ხმალაძემ „Sputnik-საქართველოს“.
„პროპორციული სისტემა იძლევა მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას, მაგრამ რამდენად კარგია იგი პრობლემების გადაწყვეტისას, ეს უკვე სხვა საკითხია. როდესაც ამდენი იდეაა, ამდენი ძალაა, გადაწყვეტილება გაცილებით რთულად მიიღება, ვიდრე ისეთი სისტემის დროს, როდესაც ვიღაცას ხმათა უმრავლესობა აქვს“, – განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სიახლეებზე პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემაც ისაუბრა.
„ახლა ამბობენ, რომ ჩვენ 260-ზე მეტი პოლიტიკური პარტია გვყავს. წლის ბოლომდე, ალბათ, უკვე 500 პოლიტიკური პარტია იქნება... რთული სათქმელია, რას მიიღებს ქვეყანა შედეგად. თუმცა, რასაკვირველია, პროპორციული სისტემა უფრო მიმზიდველია, ვიდრე შერეული. ამ სიახლეს ვუყურებ ფრთხილი ოპტიმიზმით“, – განუცხადა ცინცაძემ „Sputnik-საქართველოს“.
პეტრე მამრაძეს ერთადერთ დადებით ფაქტორად იმისა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობა მიაჩნია.
„ეს ვითარებას მკვეთრად არ შეცვლის, რადგან ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია საქართველოში ერთ წელიწადში ვერ შეიცვლება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულად კარგს არ ველოდები. თუმცა დასაშვებია, რომ ამ მეთოდებით, შესაძლოა, მოხერხდეს კრიზისის განმუხტვა და გადაჭრა“, – განუცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“.