თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გაგრძელდება, განაცხადა TBC Holding-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პირველი არხის ეთერში.
საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ფსკერის გასაღრმავებლად. სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).
„დაღრმავების ერთი ეტაპი დასრულებულია, კიდევ არის უამრავი სხვა რამ. გამოქვეყნდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, ეს უწყვეტი და რთული პროცესია, რომელიც შეიცავს ბევრ ეტაპს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთ კვირაში გამოცხადდება.
ასევე პორტის ერთ-ერთმა ინვესტორმა აღნიშნა, რომ კომპანიამ ისესხა 10 მილიონი დოლარი, რათა მშენებლობის პროცესი არ შეწყვეტილიყო.
ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება >>
„აქციების გასხვისება არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია, ეს არის დაგირავება აქციების და სესხის აღება. ასე რომ, ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ანალოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ანაკლიის განვითარებას მხარი დავუჭიროთ. საუბარია ძალიან მცირე წილზე 1.8 მეათედი პროცენტი დაახლოებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საფინანსო გარიგების დახურვის შესახებ მოლაპარაკების პროცესი მთავრობასთან წარმატებით მიმდინარეობს და უკვე საკითხების 90%-ზე შეთანხმებაა მიღწეული.
„დარჩა ძალიან მცირე ნაწილი შესათანხმებელი, საუბარია ტექნიკურ ნაწილებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება - 2,5 მილიარდი დოლარი.
პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. ორ წელიწადში იქ უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის გემების მიღებას, ტვირთის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რისთვისაც ფინანსებია საჭირო.
პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის აუცილებელია 600 მილიონ დოლარზე მეტი. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის პირობა დადო, კონსორციუმმა კი უნდა დააბანდოს 120-მილიონიანი ინვესტიცია. დანარჩენი 400 მილიონი კონსორციუმმა უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.
თურნავა: ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს >>
ფინანსური გარიგების დახურვა, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს მშენებლობის აქტიური ფაზა, თავდაპირველად 2017 წლის 15 აგვისტოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით, ეს თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერადაც ფინანსური გარიგების დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა, 6 თვით გადაიდო.
ამასთანავე, ამ პროცესში სახელმწიფომ კონსორციუმს აპატია 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა თავდაპირველი ვადების დარღვევისთვის.