თურნავა: ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს

გამოწერა
ანაკლიის პორტის ინვესტორები ვადების ჩაშლისთვის 11 მილიონ დოლარით შეიძლება დაჯარიმებულიყვნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ანაკლიაში მშენებარე პირველი ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს იმის გამო, რომ ვერ ხერხდება საფინანსო გარიგების დახურვა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია >>

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, ამჟამად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

„სამწუხაროდ, ანაკლიის პორტი ვერ მიიღებს პირველ გემს 2020 წელს, რადგან დღემდე არ არის დახურული საფინანსო გარიგება. ბანკებთან მოლაპარაკებების აქტიურ პროცესში ჩართულნი ვართ და პირობების უმრავლესობა მისაღებია და უკვე გადაწყვეტილია. შესაძლოა, კონსორციუმი მოითხოვს დამატებით ვადებს მოლაპარაკებისა და საბოლოო შეთანხმებისთვის“, - განაცხადა თურნავამ პარლამენტში.

მინისტრმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, იმ დონეზე რა დონეზეც არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფო მხარდაჭერა“, - განაცხადა თურნავამ.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან

ამასთან, მან პორტის მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით აღნიშნა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს. რადგან ეს არაა მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს გარკვეული კატეგორიის ტვირთებს ვკარგავთ, რომელიც ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში გაივლიდა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს,“- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც სახელმწიფო პორტს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უწევდა.

ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ >>

„სახელმწიფო მხარდაჭერა გამოიხატება 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებულ სესხში, რომელსაც კომპანია მიიღებს, როდესაც თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი, ესაა 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს კონკრეტული ვალდებულებაა, იგივე მოქნილი ვადები“, - განაცხადა თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ საფინანსო გარიგების დახურვის და ანაკლიის პორტში სამუშაოების დაწყების პირველი თარიღი 2017 წლის ზაფხულში განისაზღვრა.

„სახელმწიფომ რამოდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის და საფინანსო გარიგების დახურვის საკითხებს. სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო ვადების დარღვევის გამო“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
რა ვითარებაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით: მინისტრმა პრობლემებზე ისაუბრა

პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის კრედიტის ჩარიცხვის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. დანარჩენი 400 მილიონი დოლარი კონსორციუმმა კრედიტის სახით უცხოური ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს.

პორტის მშენებლობისთვის კრედიტორები მოიძებნა, მაგრამ თანხის საბოლოო მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დახურონ. აქ კი პრობლემები შეიქმნა.

ყველაზე მთავარ მოთხოვნას ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკის დაზღვევა წარმოადგენს. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ამ კრედიტების უზრუნველყოფა აიღოს თავის თავზე, მეორე მხრივ – ტვირთების შემოსვლის რისკები დაფაროს.

თავის მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ კომერციული რისკების დაზღვევას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0