ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება

© courtesy of Anaklia Portსამუშაოები ანაკლიაში
სამუშაოები ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება და პროექტის კრედიტორები კომერციული რისკების დაზღვევის საკითხზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური გარიგების დახურვის ვადა კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივა, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ფსკერის გასაღრმავებლად. სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

„ჩვენ შეხვედრაზე შევთანხმდით ბანკებთან და კონსორციუმთან, რომ ისინი წარმოადგენდნენ მათი ხედვით მათთვის სასურველ ვადას, რომელიც საჭიროა ყველა ფორმალობის დასასრულებლად. ჩვენ კონსორციუმიდან წინა კვირაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა იქნებოდა ექვსი თვე“, – განუცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

ცქიტიშვილის განცხადებით, ეს ცვლილება შესათანხმებელია მთავრობასთან და საკითხი უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.

თურნავა: ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს>>

„პორტის მშენებლობის ვადა ხელშეკრულებით არის დადგენილი 2020 წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, არავისთვის არ არის სასურველი გადავადება. ახლა რა გადავადებაზეც ვსაუბრობთ, ამაზეც კიდევ გვექნება საუბარი კონსორციუმთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი მხრიდან

როგორც მინისტრი აცხადებს, ფინანსური გარიგების დახურვის გადავადება აისახება პორტის მშენებლობის ვადებზეც. ამიტომ ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვადების გადაწევა მეტად აღარ გახდება საჭირო.

„ბუნებრივია, დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე და ეს არის ის, რაც ყველას ერთად გვადარდებს. ამასთან, კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ საკუთარი კაპიტალი, რომელზეც მას აქვს სამუშაო. ეს არის უკვე ის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არ არის ჩართული“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კონსორციუმი კმაყოფილია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, თავის მხრივ, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ეს საერთაშორისო ბანკებთან კონსორციუმის მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებას შეუწყობს ხელს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია

„კონსორციუმი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის აუცილებელი კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას“, – ნათქვამია კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

„რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში – 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს „დიდი“ ფული სჭირდება

საქართველოს ხელისუფლება პორტზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ის გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო როლს, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან

ანაკლიის პორტი ცხრა ფაზად განვითარდება. პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. ორ წელიწადში იქ უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის გემების მიღებას, ტვირთის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რისთვისაც ფინანსებია საჭირო.

პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის აუცილებელია 600 მილიონ დოლარზე მეტი. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის პირობა დადო, კონსორციუმმა კი უნდა დააბანდოს 120-მილიონიანი ინვესტიცია. დანარჩენი 400 მილიონი კონსორციუმმა უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.

ფინანსური გარიგების დახურვასთან დაკავშირებული პრობლემები

კონსორციუმმა კრედიტორები უკვე მოიძია, მაგრამ თანხის მისაღებად მხარეებმა უნდა დადონ ფინანსური გარიგება. სწორედ აქ წარმოიქმნა პრობლემა.

უმთავრესი მოთხოვნა არის ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევა. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეს კრედიტები, მეორე მხრივ - დაფაროს ტვირთის შემოსვლის რისკი.

სახელმწიფომ უნდა შექმნას სარეზერვო ანგარიში, რომელზეც განთავსდება თანხა კრედიტის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოს ამ ანგარიშის შევსების უფლება ექნება, ხოლო თუ იგი ამას არ შეასრულებს, ბანკები შეძლებენ შეთანხმების გაწყვეტას. შეთანხმების გაწყვეტის შემთხვევაში კი კრედიტის მთელი თანხის ანაზღაურება სახელმწიფოს მოუწევს.  

კომპრომისი არ იქნება

მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ არ აპირებს კომერციული რისკების დაზღვევას.

რკინიგზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის მშენებლობა: ხელისუფლებამ გზის მიმართულება აირჩია

როგორც ადრე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამა არ ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში.

ფინანსური გარიგების დახურვა, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს მშენებლობის აქტიური ფაზა, თავდაპირველად 2017 წლის 15 აგვისტოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით, ეს თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერადაც ფინანსური გარიგების დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა, 6 თვით გადაიდო.

ამასთანავე, ამ პროცესში სახელმწიფომ კონსორციუმს აპატია 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა თავდაპირველი ვადების დარღვევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0