თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული 10 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე ორი პოლიციელი - თურქეთში, „აჯიბადემის“ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, დღეს ღამით კი, კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში რეაბილიტაციისათვის.
„იმ ორი პაციენტიდან, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მისი აპარატიდან მოხსნა. მეორე პაციენტთან დაკავშირებით, ასევე სტაბილური ჰემოდინამიკა გვაქვს, მას სავარაუდოდ, უფრო ხანგრძლივი ვადით დასჭირდება რეანიმაციის განყოფილებაში განთავსება, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული არ არის“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით ექიმებს მუდმივ კონსულტაციას უწევენ კოლეგები ისრაელიდან.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ფონდი „ქართუ“ მზაობას გამოთქვამს, სრული დანახარჯი აანაზღაუროს.
აქციის დარბევისას დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა >>
საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.