თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსსა და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარეს.
ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.
დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო. მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთელ გუნდს მადლობის სიგელი გადასცა. ცენტრის 235 თანამშრომელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.
თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.