თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება.
აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს მელიას მიმართ, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
საპარლამენტო ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. ისინი აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა.
მანამდე, დღეს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურატურის მიმართვას პარლამენტის წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).
დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.