თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. თუ რუსი ტურისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და მათ თბილად არ ხვდებიან, იქ არაფერი ესაქმებათ, დაწერა Facebook-გვერდზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას.
ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუს ტურისტებს უნდა ჰქონდეთ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, „რადგან ისინი აღმერთებენ საქართველოს“, ხოლო პოლიტიკოსებმა და ხელმძღვანელებმა პრობლემის გადაჭრის გზები უნდა ეძებონ.
ზურაბიშვილი: პოლიტიკა რუსი ტურისტების ნაკადზე არ უნდა მოქმედებდეს >>
ზახაროვას მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტი ახლა ძალიან მონდომებულია და „ეს განცხადება უკვე კალკულატორის გამოყენებით მომზადდა“.
„თუ რამე უნდა იგრძნონ რუსმა ტურისტებმა, ეს არის არა უსაფრთხოება, არამედ ის, რომ მათ ხვდებიან როგორც ყველაზე ძვირფას სტუმრებს, რომ ისინი ჩამოვიდნენ დასასვენებლად, და არა იმისათვის, რომ ყოველ დღე იკითხონ ახალი ამბები შიდაპოლიტიკური ველიდან და გვერდი აუარონ ხალხმრავლობის ადგილებს თბილისში“, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„სწორედ ამ ემოციებისთვის, თუნდაც რომელიც ყოველთვის გულიდან არ მოდის (თუმცა ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოში ემოციები ყოველთვის გულიდან მოდის) იხდიან ფულს ტურისტები. თუ ამ გრძნობებს არ განიცდით ან არ ხართ მზად ის გაითამაშოთ, მაშინ არავინ არავის წინაშე არ არის მოვალე. არაფერი პირადი, უბრალოდ, ბიზნესია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა, ხოლო ტუროპერაორებსა და აგენტებს მიეცა რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები. მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა. ქართული სტატისტიკით, 2018 წელს ყოველი მეხუთე ტურისტი საქართველოში (21%) რუსეთიდან იყო.
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს „მტერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების განხეთქილებით. რუსეთის პრემიერმა მსგავს განცხადებებს უკიდურესად არაპროფესიონალური უწოდა. მედვედევის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ან არ იყო საქმის კურსში, ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ ვითარებას.