ზურაბიშვილი: პოლიტიკა რუსი ტურისტების ნაკადზე არ უნდა მოქმედებდეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ ხელი ვერ შეუშალა 1,5 მილიონ ტურისტს საქართველოში ჩამოსვლაში

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. რუს ტურისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საქართველოში, მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით  არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ განვითარებულ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე

„ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემა, რომელიც მომხდარის მიზეზი გახდა. ამ პრობლემის გადაჭრა ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას. მაგრამ ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე და იმ მშვიდობიან გარემოზე, რომელიც საქართველოშია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეარხ Euronews-თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს. „მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 1,5 მილიონი ტურისტი ესტუმრა ქვეყანას და ამას ჩამოსულებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არანაირი ინციდენტი არ მოჰყოლია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია დეესკალაციით, რადგან „არც საქართველოს, არც ევროკავშირს არ სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში, ფართო რეგიონში“.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

თბილისში აჟიოტაჟი დაიწყო რუსეთის სახელწმიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ. პოლიტიკოსი საქართველოს დედაქალაქში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე სესიაზე სამუშაოდ ჩამოვიდა. გავრილოვი ორგანიზაციის პრეზიდენტია.

ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. ამან ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ღონისძიება ჩაიშალა, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები. თავად გავრილოვმა განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ის დასვა ქართულმა მხარემ, „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ასეთი საპატიო ადგილი უკვე ჰქონდა დაკავებული სხვა ქვეყნებში, და ამას პრობლემები არასდროს მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დაწყებული არეულობა „ნაციონალური მოძრაობის აგრესიული მცდელობაა, რათა არიოს სიტუაცია ქვეყანაში“.

მოვლენებს უფრო მკვეთრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის რუსეთს „მტერს და ოკუპანტს“ უწოდებს. მისი თქმით, პროტესტები კრემლის მიერ არის მართული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი აღშფოთებულია რადიკალების მოქმედებით, რომლებმაც თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუშაობა ჩაშალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოებს, თავისი ანტირუსული განწყობების გამოსახატავად“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0