თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მოვუწოდებ საზოგადოებას დამშვიდებისკენ, არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, დესტრუქციულ მოწოდებებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
თსუ-ს სტუდენტები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ: მიმდინარეობს პეტიციაზე ხელმოწერა>>>
20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.
„ხელისუფლება და კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე... პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას. ეს პირობა გუშინ და გუშინწინ დაირღვა. რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე. მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ მოქალაქეს, მთელ სახელმწიფოს.
„დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად. ეს არის საერთო ტრაგედია. ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც გაემიჯნება ქვეყნისთვის დამანგრეველ მოწოდებებს.
„არ წამოვეგოთ ახალ პროვოკაციებს, არ ავყვეთ დესტრუქციულ მოწოდებებს. მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს. გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა.
ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.
ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.
გუშინ განვითარებულ მოვლენების გამო დღეს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, დეპუტატის მანდატი დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.