სალომე ზურაბიშვილი ბელარუსს ეწვევა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი იქნება ბელარუსში პრეზიდენტის რანგში.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20-22 ივნისს სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ბელარუსში, სადაც II ევროპული თამაშების გახსნას დაესწრება, განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ზურაბიშვილი დაესწრება შეჯიბრების გახსნის საზეიმო ცერემონიას და ადგილზე უქომაგებს ქართველ სპორტსმენებს. ზურაბიშვილი ასევე ესტუმრება სპორტსმენების საცხოვრებელს, სადაც თამაშების პერიოდში 61 ქართველი სპორტსმენი დაიდებს ბინას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ბელარუსულ მხარესთან. დაგეგმილია ასევე ორმხრივი და გაფართოებული შეხვედრები სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან.

ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - საუკეთესო ფოტოები>>

მინსკის ტურნირზე გათამაშდება ჯილდოების 200 კომპლექტი. შეჯიბრებებში მონაწილეობს ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი. ისინი სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

საქართველო ევროთამაშებზე მინსკში 20-25 მედალს ელოდება>>

ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბერს გახდა. მას შემდეგ ის ეწვია აზერბაიჯანს, სომხეთს, ლიტვას, საფრანგეთს, პოლონეთს, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის 2015 წლის შემდეგ გააქტიურდა, როდესაც ლუკაშენკო თბილისს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს პირდაპირი ავიარეისები აკავშირებს. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წელს თბილისში გაიხსნა ბელარუსის საელჩო. პირველი ელჩი მიხაილ მიატლიკოვი გახდა.

ბელარუსულ პროდუქტზე საქართველოში დიდი მოთხოვნაა. საქართველოც ყოველწლიურად ზრდის საქონლის მიწოდებას ბელარუსში. 2018 წელს საქართველომ ბელარუსში ექსპორტზე გაიტანა 28 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ბელარუსმა საქართველოში 58 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0