ზურაბიშვილმა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრის მიმართულებით, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას ევროპულ ქვეყნებთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხებში, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) — გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შრომითი ურთიერთობების რეგულირების საკითხებით არის დაკავებული. დღეისათვის ILO-ში 187 მონაწილე ქვეყანაა. 1920 წლიდან ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში, სადაც იმართება ყოველწლიური კონფერენციები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მონაწილეობით.

შრომითი მიგრაცია

ზურაბიშვილის თქმით, ცირკულარული შრომითი მიგრაცია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს.

„ცირკულარული მიგრაცია სარგებელს მოუტანს მიგრანტებს, მათი წარმოშობის ქვეყანას, ასევე მიმღებ ქვეყანას. საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არალეგალური მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლის დროს.

მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ამ კუთხით აქტიურად მუშაობდა და გააფორმა ხელშეკრულებები საფრანგეთთან, სატესტო რეჟიმში მუშაობს შეთანხმება პოლონეთთან. შრომითი მიგრაციის საკითხებზე რამდენიმე სხვა ქვეყანამ საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

2017 წლის მარტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა (მოკლევადიანი ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსის ვიზიტის შემთხვევაში), მიგრაცია გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ, რაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას

დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას, უცხოეთში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვას და იმ რისკების შემცირებას, რომელიც არალეგალურ მიგრაციას უკავშირდება, აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

2019 წლის თებერვალში ამოქმედდა შეთანხმება საფრანგეთის მთავრობასთან „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ". შეთანხმება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემას მათი დასაქმების მიზნით.

დოკუმენტი ვრცელდება ახალგაზრდა სპეციალისტებზეც, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლების (მათ შორის ფილიალების) კურსდამთავრებულებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში სურთ პროფესიული გამოცდილების შეძენა, მაგრამ მომავალში საქართველოში დაბრუნებას აპირებენ.

ეს შეთანხმება გულისხმობს როგორც საქართველოს მოქალაქეების საფრანგეთში დასაქმებას, ისე საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას.

ლეგალური დასაქმება საფრანგეთში: საქართველოს მოქალაქეებისთვის პროცედურები მარტივდება >>

მოლაპარაკებები დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის შესახებ მიმდინარეობს გერმანიასთან, ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან და ბულგარეთთან. საპილოტე პროექტი ხორციელდება პოლონეთთან, სადაც საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქეა დასაქმებული.

პროფესიული განათლება

ასევე, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს უმუშევრობის მაღალი დონე, პროფესიონალების სიმცირე, შრომის უსაფრთხოება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

„ერთ-ერთი საპასუხო ქმედება უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ფოკუსირება, რათა მოთხოვნად პროფესიებში მუშახელის დანაკლისი აღმოიფხვრას. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ განათლება და უმთავრესად, პროფესიული განათლება იყოს ბიუჯეტში პრიორიტეტული მომავალ წლებში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

 დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

გასულ წელს საქართველოში პროფესიული განათლება 12 ათასამდე სტუდენტმა მიიღო >>

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ყველა ცვლილება, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში განხორციელდება, კერძო სექტორის ჩართულობით იქნება რეალიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0