თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღების პროცედურებს გაამარტივებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ამბასადორიალი 2018"-ის ფარგლებში, რომელიც ამ დღეებში თბილისში იმართება.
მინისტრის სიტყვებით, შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
„ეს ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტებმა, მათ შორის მათ, ვინც უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო, ლეგალური დასაქმებისთვის შეუძლიათ მიიღონ დროებითი ბინადრობის უფლება", – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით მუშაობს ასევე პოლონეთთან და ისრაელთან.
„რა არის ამ კანონის ნიუანსები, როდის ამოქმედდება, ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება", – აღნიშნა ზალკალიანმა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ. დღეისათვის საფრანგეთის ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმებისთვის სამუშაო ვიზის მიღებაა აუცილებელი.