თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ღამის კლუბ „ბასიანში“ 14 ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ალკოჰოლით მოიწამლა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.
შემთხვევა პარასკევს, 14 ივნისს მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდებს სამედიცინო დახმარება ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო დასჭირდათ, რაც არ დადასტურდა. კლუბში მოწამლული ახალგაზრდები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები ჩაუტარდათ. ახალგაზრდების უმეტესობამ კლინიკები უკვე დატოვა, თუმცა რამდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც მძიმე იყო, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
ამ დრომდე ქართულ-გერმანული ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ მედიკოსები პაციენტის ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებს ელოდებიან. ამავე ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას მასთან ერთად 14 ივნისს მოთავსებული კიდევ ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამერიკელი დიჯეი კლუბ "ბასიანის" რეზიდენტი გახდა >>>
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.