თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში პოპულარული ღამის კლუბ „ბასიანის" (Bassiani) რეზიდენტი ცნობილი ამერიკელი დიჯეი და ტექნოპროდიუსერი DVS1 გახდა.
„DVS1 კლუბ BASSIANI/HOROOM-ის ოჯახის წევრი და დიჯი-რეზიდენტი 2018 წლის ზაფხულიდან გახდა", — ნათქვამია კლუბ Bassiani-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 13 ივლისს კლუბ Bassiani-ში პირველ გამოსვლამდე ამერიკელმა მუსიკოსმა თბილისის ღამის კლუბებში ნარკომოვაჭრეების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაცია შეაფასა. სპეცოპერაციას, რომელიც 12 მაისის ღამით ჩატარდა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს და ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოითხოვეს.
აღნიშნულ ფაქტს დიჯეიმ „კლუბურ კულტურაზე და თბილისზე, როგორც ქალაქზე თავდასხმა" უწოდა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
ამ დრომდე კლუბს ორი უცხოელი რეზიდენტი ჰყავს — Hector Oaks-ი (გერმანია) და Function-ი (აშშ). დანარჩენები კი ქართველი დიჯეები არიან: Hamatsuki, HVL-ი, Kancheli, Kote Japaridze, Kvanchi, Lilith-ი, Mercurrio, Ndrx-ი, Objector Trax-ი, Will Gates-ი, Zesknel-ი და Zitto.
DVS1 (ნამდვილი სახელი ზაკ ხუტორეცკი), რომელიც წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდანაა, 1967 წელს დაიბადა. ადრეულ ასაკში ოჯახი სანკტ-პეტერბურგიდან საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ცხოვრობდა ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში.
DVS1 აქტიურად იყო ჩართული 90-იანი წლების რეივ-კულტურის განვითარებაში, 18 წლიდან აწყობდა ანდერგრაუნდ ფართების სერიებს ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში. მან მრავალმხრივი ტალანტის, გამორჩეული საშემსრულებლო ტექნიკის და ენერგიის გამო, ძალიან მალე მოიპოვა აღიარება.
2009 წელს ლეიბლ Klockworks-ზე DVS1-ის პირველი ჩანაწერი გამოიცა, ამავე ლეიბლს ეკუთვნის მისი ყველაზე წარმატებული რელიზი Black Russian. 2011 წელს კი საკუთარი ლეიბლი HUSH-ი დააარსა, რომელზეც გამოცემულია: Envolve/Submerge, Lost Myself და Distress.
აღსანიშნავია, რომ ტურებს შორის პერიოდში DVS1 მინეაპოლისში კვლავ აწყობს რეივ-საღამოებს, რომლებიც ჩვეულებრივ მიწისქვეშა გადასასვლელებში ტარდება და მისი საჯაროდ რეკლამირება არ ხდება.
მუსიკოსი ასევე ცნობილია იმით, რომ ვინილის ფირფიტებს აგროვებს. მას კოლექციაში 30 ათასზე მეტი ჩანაწერი აქვს.