თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო - ღვინის სამშობლო" მიიღო სპეციალური პრიზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ღვინისადმი მიძღვნილ ფესტივალზე Oenovideo, რომელიც მარსელში 13-16 ივნისს გაიმართა.
„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება >>
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრიზი ტრადიციულად გადაეცემა ფრანგულ ან უცხოურ ფილმს, რომელიც მეღვინეობის მემკვიდრეობის კულტურულ და მეცნიერულ მიდგომას წარმოადგენს.
„ფილმი „საქართველო – ღვინის სამშობლო" ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენ ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე", – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ფილმში ასახულია ექსპოზიცია „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, რომელიც ბორდოში 2017 წელს ჩატარდა. ფილმს საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომები, რაზეც ისინი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
45-წუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა საქართველოში, აშშ-ში, იტალიასა და საფრანგეთში. პროექტი მოამზადა სტუდია Cineman Film-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის" მხარდაჭერით.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
ფესტივალი Oenovideo ყოველ წელს საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმში იმართება. წელს საკონკურსო ჩვენებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 144 ფილმია ჩართული. კატეგორიაში „ფილმი" ნომინანტების ნუსხაში სულ 37 სურათი მოხვდა, მათ შორის - ქართული ფილმი.