აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

გამოწერა
მეცნიერებმა, რომლებიც არტეფაქტებს სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, ღვინის სამშობლო დაადგინეს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ღვინის ცივილიზაციის ქალაქ ბორდოში 7 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი კვლევას  10-11 სექტემბერს წარმოადგენს, რომლის თანახმად მოხდება აღიარება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორის, ბიოქიმიკოსისა და ღვინის ისტორიკოსის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ექვსი მეცნიერი 3 წლის განმავლობაში  ზედმიწევნით იკვლევდა ლეგენდარული სასმელის სამშობლოს.

მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალები, მათ შორის, ყურძნის უძველესი წიპწები, თიხასა და თიხის ჭურჭელზე დანალექი მჟავა, რომელიც, საბოლოო ჯამში ღვინო აღმოჩნდა. 

საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში. გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.


ყველა ახალი ამბავი
0