მსხვილმა ქართულმა კომპანიებმა ფინანსთა მინისტრს წერილით მიმართეს

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენები დასმულ კითხვებზე პასუხებს ფინანსთა სამინისტროსგან ათ დღეში ელოდებიან

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 11 ბიზნეს-გაერთიანება ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ოფიციალური წერილით მიმართავს და ითხოვს განმარტებებს იმპორტიორი კომპანიებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათის გაუქმებასთან დაკავშირებით, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიგლა მიქაუტაძემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა შეღავათები „ოქროს სიის“ იმპორტიორი კომპანიებისათვის და ისინი დანარჩენ კომპანიებს გაუთანაბრა. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში“ შესული ცვლილებების მიხედვით, „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები გაუთანაბრდება ჩვეულებრივ კომპანიებს და იმპორტის გადასახადს გადაიხდიან საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ნაცვლად 30-ის. გარდა ამისა, საქონლის შემოტანიდან 15-დან 5 დღემდე შემცირებულია ვადა ყველა კომპანიისათვის წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე.

კომპანია „ოქროს სიიდან“ შეღავათების გაუქმების გამო ფასების ზრდით იმუქრება >>

გადაწყვეტილება ძალაში 3 ივლისს შევა. ამგვარად, ყველა კომპანია იმპორტის თანაბარი პირობებით ისარგებლებს.

„ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს“, - ნათქვამია წერილში.

მიქაუტაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე დისკუსიის გასაგრძელებლად ბიზნეს-ასოციაციებს სჭირდებათ ოფიციალური არგუმენტაცია ფინანსთა სამინისტროსგან. ოფიციალურ წერილში ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებმა მაჭავარიანს სამი შეკითხვა დაუსვეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
კომპანიების „ოქროს სია“ გაუქმებულია: ბიზნესმენებს საქართველოში შეღავათები ჩამოართვეს

„მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ: ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ; რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება“, – აღნიშნულია წერილში.

მიქაუტაძის თქმით, ბიზნესმენებს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში ყველაზე მეტად აშფოთებს ის, რომ უწყებამ ის იმპორტიორ-კომპანიებთან წინასწარ არ შეათანხმა.

„დღემდე არ მოგვისმენია ოფიციალური განმარტება, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი. ჩვენ საერთოდ გვინდა მისი გაუქმება, არანაირ გადავადებაზე საუბარი არ არის. ჩვენ კითხვებზე პასუხებს ველოდებით“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმე ორგანიზაციის დახურული შეხვედრა შედგა, მაგრამ ის გაუგებარი და უშედეგო აღმოჩნდა.

სპორტსმენების საყურადღებოდ! – სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი 100 ლარი იქნება >>

ამასობაში ფინანსთა სამინისტროს თავისი გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლები უწყებისგან თავის ოფიციალურ წერილზე პასუხს 10 დღის ვადაში ელოდებიან. სწორედ ეს ვადაა ოფიციალურად განსაზღვრული ყველა სამინისტროსთვის რეაგირების მოსახდენად.

ყველა ახალი ამბავი
0