კომპანია „ოქროს სიიდან“ შეღავათების გაუქმების გამო ფასების ზრდით იმუქრება

© Ministry of Finance of Georgia საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტრომ მსხვილ კომპანიებს შეღავათები ჩამოართვა და მათი საბაჟო ადმინისტრირება საშუალო და მცირე ბიზნესს გაუთანაბრა

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. იმპორტის გადასახადის გადახდის ახალი ნორმების გამო შეიძლება ფასები გაიზარდოს, განაცხადა British American Tobacco-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა შეღავათები „ოქროს სიის“ იმპორტიორი კომპანიებისათვის და ისინი დანარჩენ კომპანიებს გაუთანაბრა.

კომპანიების „ოქროს სია“ გაუქმებულია: ბიზნესმენებს საქართველოში შეღავათები ჩამოართვეს >>

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში“ შესული ცვლილებების მიხედვით, „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები გაუთანაბრდება ჩვეულებრივ კომპანიებს და იმპორტის გადასახადს გადაიხდიან საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ნაცვლად 30-ის.

ბოლო მონაცემებით, „ოქროს სიაში“ დაახლოებით 217 კომპანია იყო შეტანილი. სიას ავსებდა ფინანსთა სამინისტრო და ეს კომპანიები ქვეყანაში საქონლის შემოტანისას გამარტივებული პროცედურებით და შეღავათებით სარგებლობდნენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ „ოქროს სიის“ კომპანიებმა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაზარდონ“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თამბაქოს კომპანიისა და დანარჩენი კომპანიებისთვის ეს გადაწყვეტილება დიდი დარტყმა იქნება.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა გადასახადები: პრემიერის გეგმები

„ჩვენთვის, თამბაქოს ინდუსტრიისთვის ეს დიდი დარტყმაა. პირველი დარტყმა იყო დეკემბერში, მაშინაც მსგავსი რამ მოხდა და დეჟავიუ გვაქვს, როდესაც ბიზნესთან განხილვის გარეშე პირდაპირ ხდება კონკრეტული რეგულაციის იმპლემენტაცია. ამ შემთხვევაში, უფრო რადიკალური და ფართომასშტაბიანია, რადგან ეხება 200-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა, ნუკრი ხუნძაკიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ფინანსთა სამინისტრო რეგულაციებს 2020 წლიდან აამოქმედებდა.

„ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტები, შესაბამისად, ძალიან გონივრულია და ამაზე პრაქტიკულად უკვე შეთანხმებული ვართ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე მოგვეცეს ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტების კორექტირებას. სულ  მცირე, ექვსი თვე უნდა იყოს. თუ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, როგორც მინიმუმ, ეს ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან და არა,  დღესვე“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა სამინისტროს გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, უწყების ამოცანას მსხვილი კომპანიებისა და საშუალო და მცირე ბიზნესისთვის თანაბარი პირობების შექმნა წარმოადგენს.

„დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული  კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან“, – აღნიშნა ყავლაშვილმა.

მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს >>

გარდა ამისა, ინსტრუქციაში შესული ცვლილებების თანახმად, საქონლის შემოტანიდან 15-დან 5 დღემდე შემცირებულია ვადა ყველა კომპანიისათვის წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე.

ყველა ახალი ამბავი
0