თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. 4 წლის გარდაცვლილი ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა დააკავეს, აცხადებს, რომ ბავშვი ერთხელ სცემა, ამჯერად ძალადობის მსხვერპლი გოგონას 5 წლის ძმაა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.
სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, ირკვევა, რომ არკადი ძავაშვილი, რომლის მეუღლე ლელა ქსოვრელი შვილის გარდაცვალების საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, ფიზიკურად ძალადობდა შვილებზე, რომლებიც ახლა მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.
ძიება სწორედ ბავშვების ინფორმაციის საფუძველზეა დაწყებული. გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებულის დედის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
„უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემიაო და წაიყვანეს. ხო, ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეო. ამბობს ხო, განა არ ამბობს“, – აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი.
არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიით გაიგეს.
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დედას ბრალი დაუმძიმდა >>>
„არ მსმენია ძალადობის შესახებ. ქალზე კი, დაკითხვაზეც ვიყავი და ინტერვიუებიც ვნახე. ამ კაცის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდა. თუ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ალბათ გამოძიებაში რამე გამოიკვეთა“, – აცხადებს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას დედაა, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას მას ბრალი დაუმძიმეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში ლელა ქსოვრელმა თავის არასრულწლოვან შვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ბავშვი გარდაიცვალა.
2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111–117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე 111–126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111–381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.
გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.