თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მეზობლები მცირეწლოვანი გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოჯახში კონფლიქტები ხშირი იყო და ამის შესახებ ინფორმირებული იყო პოლიციაც.
გოგონას ბებიამ პირველ არხთან საუბრისას უარყო, რომ ბავშვს დედა სცემდა.
ოჯახი, სადაც გოგონა გარდაიცვალა, სოციალურად დაუცველია და ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
სამართალდამცველების განცხადებით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში ბავშვის ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს.