თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, ბინაში გარდაცვლილ ქალთან ერთად კიდევ სამი ქალი იპოვეს, ადრე კი საუბარი იყო ორ ადამიანზე.
ერთ-ერთი ქალი არის გარდაცვლილის და, მეორე ქალი – ნათესავი, მესამე კი არის 30 წლამდე ქალი, რომელიც გარდაცვლილის დას ნაშვილები ჰყავდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს სავარაუდოდ, ფსიქიური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდათ.
სამივე ქალი გადაყვანილია სხვადასხვა საავადმყოფოში. ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დღის წინ არის გარდაცვლილი ქალი. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
სამტრედიის ქუჩაზე ერთ–ერთი დაშავებული 80 წლამდე ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გერმანული ჰოსპიტალის ექიმის ზვიად დევდარიანის თქმით, ავადმყოფი შოკის დარბაზშია მოთავსებული. მას კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები ჩაუტარდა, დაიგეგმა სპეციალისტების კონსულტაცია.
გარდაბანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები >>
ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი კონტაქტურია, თუმცა დაგვიანებით შემოდის კონტაქტში და ნაწილობრივ ადექვატურია.
თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი სამართალდამცველებმა დღეს იპოვეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ შემდგომში საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.