პარლამენტი კანონპროექტს „საპარტნიორო ფონდის" რეფორმის შესახებ შემოდგომაზე განიხილავს

გამოწერა
საპარტნიორო ფონდი სტრუქტურის შეცვლასა და წამგებიანი შვილობილი სახელმწიფო კომპანიებისგან გათავისუფლებას აპირებს

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „საპარტნიორო ფონდის" რეფორმირების საკითხს საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, მანამდე კი ფონდი კონსულტაციებს გამართავს, განაცხადა პირველი არხის ეთერში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდი" - ეს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. ფონდის მთავარი დანიშნულებაა ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით. ამჟამად მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს განიხილავს.

რატომ არის საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ზარალიანი>>

„რამდენიმე დღეში ეკონომიკის ექსპერტებთან გვექნება შეხვედრა, შემდეგ, ალბათ, 13 ივნისს, ბიზნეს-ასოციაციასთან, 20 ივნისს ეკონომიკის საბჭოზე იგეგმება ამ თემის განხილვა მთავრობაში, რომელიც შემდეგ გარკვეულ კონცეფციას დაამტკიცებს", - განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის სამი სამუშაო ვარიანტი არსებობს.

„სამივეში პოზიტიური ძვრებია, თუმცა არსებობს ხარვეზებიც. ამიტომ იგეგმება კონსულტაციები ექსპერტებთან, ბიზნესმენებთან, ბანკებთან, ეკონომიკის საბჭოსთან. ალბათ, ზაფხულში საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში შევა", - განაცხადა საგანელიძემ.

რატომაა საჭირო ცვლილებები

რეფორმირების მიზეზად ფონდის ხელმძღვანელმა მისი წამგებიანობა დაასახელა.

„ფონდის ძირითადი საქმიანობა არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტორებთან ერთად გარკვეული პროექტების დაფინანსება. ჩვენ არასოდეს ვფლობთ 49 პროცენტზე მეტ აქციას, ანუ მინორიტარი აქციონერები ვართ და ძალიან მალე გამოვდივართ დაფინანსებული ბიზნესიდან, თანხა უკან გამოგვაქვს. შესაბამისად, როცა წლის ბოლოს ვნახავთ მოვიგეთ თუ წავაგეთ, ეს არის ჩვენი ციფრები", - აღნიშნა საგანელიძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: „საპარტნიორო ფონდი" არაეფექტურია"

თუმცა, მისი თქმით, არის კონსოლიდირებული ბალანსი, სადაც, ჩვენს მაჩვენებლებთან ერთად, მიდის შვილობილი კომპანიების ბალანსი.

„თუ „საქართველოს რკინიგზის", „სახელმწიფო ელექტროსისტემის", გაზისა და ნავთობის კორპორაციის და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ერთობლივ ბალანსს გავაკეთებთ, ფონდის საერთო ბალანსი არის წამგებიანი", - განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, რკინიგზამ და ელექტროსისტემამ წელი ზარალით დახურეს და, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი არ მართავს მათ, აუდიტორს მათი ციფრები ერთიან ბალანსში შეჰყავს.

„ეს ორი კომპანია რომ არ იყოს ჩვენს შემადგენლობაში, ფონდმა 192.8 მილიონის მოგებით დახურა წელი, ანუ დაახლოებით 193 მილიონის მოგება მოუტანა სახელმწიფოს. როცა ჩვენს მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებიდან გამოვდივართ ჩვენი წლიური მომგებიანობა 14.8 პროცენტი იყო", - განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, დაფუძნებიდან მოყოლებული, ფონდმა სხვადასხვა პროექტში დაახლოებით 300 მილიონი დოლარი ჩადო და 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა.

ვინ არის დამნაშავე „საპარტნიორო ფონდის" ზარალში – საგანელიძე ფონდის რეფორმაზე საუბრობს>>

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. "საპარტნიორო ფონდის" ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალიდან 49%-მდე და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-მდეა შეზღუდული. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორები უზრუნველყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0