თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ფრანგი კომპოზიტორის, ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერა „კარმენი" თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 8 და 9 ივნისს შესრულდება.
წარმოდგენა შაბათს, 8 ივნისს არის 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო კვირას, 9 ივნისს - 15:00 საათზე. სპექტაკლის რეჟისორია ლევან წულაძე. მონაწილეობენ თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. ბილეთები იყიდება ოპერის თეატრის სალაროებში და ონლაინ.
„კარმენი" ოთხაქტიანი ოპერაა პროსპერ მერიმეს ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, ლიბრეტოს ავტორები არიან ანრი მელიაკი და ლუდოვიკ გალევი.
ოპერა ჟორჟ ბიზეს (1838-1875) შემოქმედების კულმინაციას და მსოფლიო საოპერო მუსიკის შედევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს მწვერვალს წარმოადგენს. „კარმენის" პრემიერა 1875 წლის 3 მარტს პარიზის Opéra-Comique-ში გაიმართა. ზუსტად სამ თვეში კომპოზიტორი გარდაიცვალა. მისი ნაადრევი სიკვდილი, ისტორიკოსების აზრით, იმ გრანდიოზული სკანდალით იყო გამოწვეული, რომელიც ოპერის გარშემო განვითარდა: ელიტამ სიუჟეტი უხამსად მიიჩნია, ხოლო მუსიკა - ბანალურად.
მიუხედავად ამისა, სკანდალურმა ოპერამ სხვა თეატრების ყურადღება მიიპყრო. ის მალევე დადგეს ვენაში, შემდეგ ვენეციაში და სხვა ევროპულ და ამერიკულ თეატრებში. „კარმენს" ყველგან წარმატება ხვდა წილად.
ოპერა საქართველოში პირველად 1885 წლის 15 ოქტომბერს შესრულდა.