დღეს არ გაიკვირვოთ, თუ ჩვენ აივანზე დაგხვდებით გაშლილი, კოჭებამდე ქვედატანით, თანაც რამდენიმე ერთმანეთზე მექნება ამოცმული, გრძელი ყელსაბამით, რომელიც მრავალრიცხოვანი მონეტებით, ქვებითა და მძივებით იქნება მორთული („მონისტა“), დიდი, მრგვალი საყურე-რგოლებით, მსხვილ-ყვავილებიან ლამაზ შალ-შემოხვეული და შავად შეღებილი, დაკულულებული თმით, რადგანაც დღეს ყველაზე ცნობილ ბოშა ქალზე — კარმენზე დაწერილი ოპერის დაბადების დღეა. აქვე გაცნობებთ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ბოშა ქალებს შორის მეორე ადგილზეა ესმერალდა, მესამეზე კი ესენია.
ზუსტად ამ დღეს კი, 1875 წლის 3 მარტს პარიზის თეატრში Opéra-Comique შედგა ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ პრემიერა, რომელიც შეიქმნა ცნობილი ფრანგი მწერლის პროსპერ მერიმეს ნოველა „კარმენის“ მოტივებზე. საინტერესოა, რომ თავად მერიმეს ნოველა, მისი თქმით, ნაკარნახევი იყო ალექსანდრ პუშკინის პოემა „ბოშებით“, რომელიც ფრანგ მწერალს ისე მოეწონა, რომ ფრანგულ ენაზეც კი თარგმნა.
ოპერა „კარმენის“ დადგმა თავიდანვე საკმაოდ სარისკო იყო, რადგან იმ პერიოდში ზედმეტი ვნებების გამოტანა სცენაზე უხერხულად ითვლებოდა, ხოლო თეატრ Opéra-Comique-ში დადიოდნენ მაღალი წრეების წარმომადგენლები, რომლებსაც სურდათ ენახათ ტკბილსიუჟეტიანი წარმოდგენები და არა ბოშების, კონტრაბანდისტების, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების, სიგარების ფაბრიკის მუშების და სხვების თარეში სცენაზე… მაგრამ ბიზემ გარისკა. ის საერთოდ საოცარი კაცი იყო. ბევრი წარუმატებლობა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც სწორად მიაჩნდა.
მაშ ასე, 1875 წლის 3 მარტი. ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ პრემიერა. დირიჟორი — ადოლფ დელოფრე, რეჟისორი — შარლ პონშარი, კარმენი — სელესტინა გალი-მარიე (პარტია მისთვის იყო დაწერილი), ხოზე — პოლ ლერი, ესკამილიო — ჟაკ ბუი…
რადგან ყველა ოპერა უვერტიურით იწყება, ჩვენც უვერტიურით დავიწყოთ:
პრემიერაზე მოსული მაყურებლის რეაქცია არ იყო ცალსახა — ერთი მხრივ, ისინი მონუსხული იყვნენ ბიზეს არაჩვეულებრივი მუსიკით და მის ტაქტში ქალბატონები ქუსლებსაც კი აბაკუნებდნენ, მაგრამ… საერთო აზრი იყო ასეთი: თეატრში, ანუ ხელოვნების ტაძარში ასეთ თემებზე საუბარი აკრძალულია! ასე რომ, ოპერა „კარმენის“ პრემიერა ჩავარდა.
მეორე დღეს კი გაზეთებში დაიბეჭდა გამანადგურებელი წერილები ოპერის უგემოვნებასა და ამორალურობაზე.
მიუხედავად ამისა, ოპერამ 45 წარმოდგენას გაუძლო, რაც იმ დროს იშვიათობა იყო.
სამწუხაროდ, ამ წარუმატებლობას ვერ გაუძლო თავად ჟორჟ ბიზემ და ნერვიულობისგან ზუსტად 3 თვეში, 1875 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა.
ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან 1876 წლის იანვარში ოპერას დაესწრო პეტრე ჩაიკოვსკი, რომელმაც „კარმენს“ შედევრი უწოდა და განაცხადა, რომ 10 წლის შემდეგ ის ყველაზე პოპულარული ოპერა გახდებოდა. დიდი რუსი კომპოზიტორის სიტყვები გამართლდა.
დღეს ოპერა „კარმენი“ მსოფლიოს ყველა წამყვანი თეატრის სცენაზე ჟღერს, ხოლო კარმენისა და ხოზეს არიები ყველაზე ცნობილი მომღერლების საკონცერტო რეპერტუარებშია შესული.
მე წილად მხვდა ბედნიერება სცენაზე მენახა შესანიშნავი კარმენი – ელენა ობრაზცოვა:
რატომღაც მთელი აქცენტი გადავიტანეთ კარმენზე და სულ დაგვავიწყდა მასზე უგონოდ შეყვარებული ხოზე. ამიტომაც გთავაზობთ კარმენის და ხოზეს ბოლო დუეტს განუმეორებელი და ჩემი უსაყვარლესი კარმენის — ირინა არხიპოვას და მარიო დელ მონაკოს შესრულებით:
ირინა არხიპოვას თქმით, მისი საუკეთესო ხოზე იყო ზურაბ ანჯაფარიძე. ზურაბიც იგივეს ამბობდა ირინაზე. ამიტომაც მინდა შემოგთავაზოთ ის არია, რომელსაც შეყვარებული ხოზე-ზურაბი კარმენ-ირინას უძღვნის:
ბიზეს ოპერის მუსიკის მოტივებზე შექმნილია რამდენიმე ბალეტი. მათ შორის როდიონ შჩედრინის „კარმენ-სიუიტა“, რომელშიც ბრწყინავდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კარმენი — მაია პლისეცკაია, რომელიც ამბობდა — „მე მოვკვდები, მაგრამ კარმენი – არასდროს“:
ალბათ გაგიკვირდათ, ამდენ ხანს რატომ არაფერი მითქვამს ცნობილ ჰაბანერაზე. ალბათ ისიც იცით, რომ მისი ავტორი ჟორჟ ბიზე არ არის. მას ეს მელოდია ხალხური ეგონა და ჩასვა ოპერაში. როგორც კი გაიგო, რომ ის ეკუთვნოდა ესპანელ კომპოზიტორს სებასტიან ირადიერს, მაშინვე გავარდა თეატრში და პარტიტურაში შესწორება შეიტანა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ამ დაუვიწყარი მუსიკის ავტორი… დიდმა რუსმა კომპოზიტორმა მიხეილ გლინკამ ბრძანა — „ყველა მუსიკას ქმნის ხალხი, ჩვენ კი, კომპოზიტორები, უბრალოდ, მის არანჟირებას ვახდენთ“.
და ბოლოს გთავაზობთ ჰანბანერას, განუმეორებელი კარმენის — მარია კალასის შესრულებით:
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ჰაბანერასავით სიყვარულით სავსე დღეს!