ჟურნალისტი წერს, რომ 14 მაისს ძველი თბილისის დათვალიერების შემდეგ მის ებრაელ სტუმრებს დაემშვიდობა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სასტუმრო „შარდენ ვილასთან“ გაიცნო ვინმე სოფია, რომელმაც ის ბამბის რიგში მდებარე ბარში წაიყვანა, ჩილიმი და „ბლექლებელი“ შეუკვეთა, ნახევარ საათში ბარიდან გავიდა და ამ დროს ებრაელ ინვესტორს მიუტანეს ქვითარი, რომლის მიხედვითაც მას 974 ლარი უნდა გადაეხადა.
"მენიუ არ წარმოუდგენიათ ბარში შაისთვის. ამ გოგომ ზუსტად იცოდა, რა უნდა შეეკვეთა. დაახლოებით ნახევარ საათში სოფიამ ბატონ შაის უთხრა, სასტუმროში ავალ და მალე დავბრუნდებიო.
უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა >>
აი ამის შემდეგ იწყება მთელი სპექტაკლი. ოფიციანტი მიდის და მიაქვს ქვითარი (იხილეთ ქვევით სურათი), სადაც გადასახდელი თანხა შეადგენდს 974 ლარს, რაზეც ბატონმა შაიმ პროტესტი გამოხატა. ამ დროს იქ ჩნდება მენეჯერი, ოფიციანტები და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც გაეცნენ შაის როგორც პოლიციელები. ამ დროს დამიკავშირდა მე ბატონი შაი ტელეფონით. მომიყვა ამ სამარცხვინო ამბის შესახებ და გამასაუბრა მენეჯერი – ვინმე გიორგი, რომელსაც ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი სამარცხვინო იყო მათგან და ავუხსენი, რომ ვარ ჟურნალისტი. ვუთხარი, რომ ვიცი და მსმენია ამგვარი თაღლითობის შესახებ. მოვთხოვე, რეალურად რაც ეკუთვნის შემკვეთს, ის თანხა გადაახდევინე-თქო. ამის შემდგომ იქ კიდევ დაიძაბა სიტუაცია. მე მოვთხოვე ბატონ შაის, რომ დაერეკა პოლიციაში, რაზეც პასუხი გამცა, რომ პოლიცია აქ არისო. მე ამასობაში მანქანით მივემართებოდი ჩემი სტუმრების დასახმარებლად. დაახლოებით 35 წუთი დამჭირდა ადგილზე მისასვლელად და როცა მივედი, ისინი სასტუმროს წინ დამხვდნენ. აღშფოთებას ვერ მალავდნენ. გადაუხდიათ ის თანხა და წამოსულან. მინდა გითხრათ, რომ სალარო ქვითარიც კი არ ამოურტყამთ მათთვის ამ ბარში!
მოკლედ გეტყვით, ამ სირცხვილმა და უმსგავსობამ საქართველოს დააკარგვინა სერიოზული ინვესტორი ბატონი შაის სახით.
მისი აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ შეეშინდა – რა ბიზნესი უნდა გავაკეთო ამ ქვეყანაშიო?! ეს რა უბედურებააო?! ყველას მოვუყვები, როგორი თაღლითობებია ამ ქვეყანაშიო და ეჭვი არ მეპარება ამ ქვეყანაში ტურისტულად წამოსვლაზეც ბევრი ებრაელი იტყვის უარსო! მეორე დღეს ბიზნეს-შეხვედრებზე უარი თქვა და გაფრინდა თავის სამშობლოში!
თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ტურისტები მართლა აღარ ჩამოვლენ საქართველოში. ასეთი მომრავლებული თაღლითობებით გვინდა შორს წასვლა? ასე გვინდა ტურისტების მოზიდვა?
რატომ უნდა ხდებოდეს მსგავსი უამრავი შემთხვევა ქვეყანაში? ქვეყანაში, სადაც არ არის ნავთობი, გაზი და ქვეყნის ბიუჯეტი მხოლოდ ტურისტულ პოტენციალზეა გათვლილი? არ ვიცი! ჩვენ ასე შორს ვერ გავფრინდებით!!!“ – წერს კახა ჯანაშვილი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 66%-ით გაიზარდა >>
ეს არ არის ამგვარი თაღლითობის პირველი შემთხვევა. საინფორმაციო საშუალებებიდან ხშირად გვესმის, რომ ბოლო წლებში თბილისსა და აჭარის კლუბებში გამოძალვის ფაქტი საკმაოდ ხშირია.
ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ფაქტი გასული წლის აპრილში თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, როდესაც ინდოელ ტურისტებს 2 ბოთლ ლუდში 3 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ტურისტები ყვებიან, რომ მათ თანხა იძულებით გადაახდევინეს და დაემუქრნენ, რის შემდეგაც წაართვეს ტელეფონიც.
მედიაში გახმაურდა ასევე ის, რომ უცხოელი ტურისტები თაღლითობასა და თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ ლაუნჯ-ბარ „ოთახის“ პერსონალსაც. დაზარალებულთა შორის ბრიტანეთის მოქალაქეც არის, რომელმაც პოლიციას წარუდგინა 5000-ლარიანი ელექტრონული ქვითარი, რომელიც, მისი თქმით, ზემოხსენებულ ბარში არარსებული მენიუს სანაცვლოდ გადაახდევინეს.
ბრიტანელი ტურისტი ქართულ მედიასთან საუბარში ყვება, რომ ბარში მხოლოდ 15 წუთით შევიდა, თუმცა, იმის გამო, რომ გარემო არ მოეწონა, მისი დატოვება გადაწყვიტა და ანგარიში მოითხოვა. მისი კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან კლუბმა 1400-ზე მეტი გირვანქა სტერლინგი ჩამოჭრა. მას შემდეგ, რაც ღამის კლუბის სტუმარმა ანგარიშის ოდენობა გააპროტესტა, ბარის ადმინისტრაციამ დაცვა გამოიძახა და დაემუქრა. ბრიტანეთის მოქალაქეს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონიც.
„ოთახის“ მენეჯერი კი ამტკიცებდა, რომ ერთმა ბრიტანელმა 15 წუთში 5000 ლარის ღირებულების სასმელის დალევა მოასწრო, თუმცა, რომელი სასმელია ამ ღირებულების, ამის დასახელება უჭირს.
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე აღნიშნულ ლაუნჯ-ბარში დაზარალდა ყატარის მოქალაქეც. მუჰამედ ნადიმი ჰყვება, რომ ბარში მეგობართან ერთად შევიდა, 5 ლუდი და 4 კოქტეილი შეუკვეთა, თან ისე, რომ მენიუში მათი ფასები წინასწარ ნახა. ყატარის მოქალაქე ამტკიცებს, რომ მან 290 ლარის ღირებულების სასმელი შეუკვეთა, თუმცა საბოლოოდ 1500 ლარის გადახდა მოუწია.
გასული წლის მაისში ბათუმში მდებარე ღამის კლუბ „ვოგში“ ერთ ბოთლ არაყში, ლუდში, ხილის ასორტში, შამპანურსა და კოქტეილში ტურისტების ერთ ჯგუფს 9 800 ლარი, ხოლო მეორე ჯგუფს – 17 500 ლარი გადაახდევინეს. მას შემდეგ, რაც ტურისტებს ანგარიში მიუტანეს, ტურისტებმა თანხა გააპროტესტეს, რის შემდეგაც მათ ბარის თანამშრომლებმა ჯერ სცემეს, შემდეგ ბარათები წაართვეს და ბარათიდან თანხა მუქარის ძალით მოუხსნეს.
ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა ამერიკის მოქალაქეც. კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტი ჰყვება, რომ კლუბში ერთი ბოთლი ლუდი, ენერგეტიკული სასმელი და ხილი შეუკვეთა, რის შემდეგაც მოუტანეს ანგარიში, სადაც ასევე მითითებული იყო თხილი და ვისკი, ღირებულებად კი – 450 ლარი.