თბილისი, 31 მაისი — Sputnik. გამკაცრდა სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგულაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილი ინიციატივით გამკაცრდა.
ახალი რეგულაციის თანახმად, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან, ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ექსკურსიის ორგანიზატორი, ან ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი.
უწყების ინფორმაციით, ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. ამასთან, აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები ექნება.
ტურისტებს მუზეუმ-ნაკრძალებში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ>>
რას შეეხება საკვებ პროდუქტებს, ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.
ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე.
წესების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა, რომელიც უკვე დაეგზავნა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო და კერძო სკოლას, რომ აღნიშნული აქტის ყველა მუხლი ზედმიწევნით დაიცვან.
სკოლის მოსწავლეების ექსკურსიებზე ქცევის წესები გასულ წელსაც გაამკაცრეს. განათლების სამინისტრომ ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2018 წლის 9 ივნისს ექსკურსიაზე ყოფნის დროს ოთხი ადამიანი – სამი მოზრდილი და ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა.
ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან: რა გახდა 16 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი>>
წელს კი, 26 მაისს სასკოლო ექსკურსიის დროს უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში – 16 წლის მოზარდი მდინარე ნინოსხევში ჩავარდა. მისი ცხედარი მაშველებმა ორშაბათს იპოვეს. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ტრაგედიის მიზეზი ნაკრძალის ტერიტორიაზე ქცევის წესების დაუცველობა გახდა.
სახიფათო ექსკურსია: შვიდი წლის ბავშვი უფლისციხეში გალავნიდან გადმოვარდა>>
ასევე, ექსკურსიის დროს ორშაბათს უფლისციხის ნაკრძალში შვიდი წლის ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდა. მან მრავლობითი ტრავმა მიიღო.