თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პარლმენტში შევიდა კანონპროექტით, რომელიც ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფოს დაცული ტერიტორიების 31,5%-ით გაფართოებას გულისხმობს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
„ჯავახეთის დაცული ტერიტორიები" მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ტერიტორიებს. მათ შორისაა ყველაზე დიდი ტბა საქართველოში – ფარავანი.
ამჟამად ამ ტერიტორიების ფართობი 16,2 ათას ჰექტარს აღემატება. იგეგმება ამ ფართობის 5,1 ათასი ჰექტარით გაზრდა.
მომავალში სამინისტრო ჯავახეთის ტბებში თევზის სახეობების გაზრდას გეგმავს. მათ შორის იქნება სახეობები, რომლებიც იქ ადრე გვხვდებოდა.
„ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და დაცვასა და რეალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა. მე ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჯავახეთის რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა მაღალმთიანი ჭაობების არსებობით არის განპირობებული. იგი წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზას, ამდენად, მას გლობალური მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ რეგიონში ჯავახეთის ეროვნული პარკია და ხუთი აღკვეთილი. დაცული ტერიტორია 2011 წლიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს.