თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მტირალას ეროვნულ პარკში (აჭარა) თოკების პარკი გაიხსნა, რომლის პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები იყვნენ, აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
თოკების პარკი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის. ის კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა.
თოკების პარკის გახსნას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
„მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ატრაქციები მეტი იყოს იქ, სადაც ტურისტების ნაკადი დიდია. 22 პროცენტით არის ვიზიტორთა რაოდენობა მტირალას ეროვნულ პარკში გაზრდილი, დაახლოებით 60 ათასამდე ვიზიტორი შეადგინა 2018 წელს. 2017-2018 წლებში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზა სრულად განახლდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოთხივე სეზონზე ვიყოთ ორიენტირებული“, – განაცხადა სულხან ღლონტმა.
ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ თოკების პარკი ამ ადგილზე კიდევ მეტ ტურისტს მიიზიდავს.
მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.