თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-18 ნომერი АТР-ს მიხედვით) ლიონში АТР-250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მესამე წრის მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ჟო-ვილფრედ ტცონგას (85) ორ სეტში მოუგო - 6:4, 6:4. მატჩი ერთ საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა შესანიშნავად იმოქმედა ტცონგას ჩაწოდებაზე, პირველ სეტში ორი ბრეიკი გააკეთა და თავისი ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო. ფრანგს ცხრა ეისმაც არ უშველა. მეორე პარტია მსგავსი სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ ქართველი ერთი ბრეიკით შემოიფარგლა და მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუთმია.
ბასილაშვილმა ტცონგასთან პირად დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა (1:1) და ორი წლის წინ ლიონში ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.
ამჟამინდელი გათამაშების ნახევარფინალში გასვლამ ჩვენ ჩოგბურთელს 90 სარეიტინგო ქულა და თითქმის 27 ათასი ევრო მოუტანა.
ფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალიასიმ (28, კანადა) - სტივ ჯონსონის (59, აშშ) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
ლიონის ტურნირი 29 მაისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი თითქმის 525 ათას ევროს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ავსტრიელი დომინიკ ტიმი.