დღევანდელ სტატიაში მოკლედ და ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, რა შემთხვევაში შეძლებთ პროგრამის დატოვებას და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა გადაწყვიტეთ.
როგორ ხდება პენსიის დაგროვება:
პენსიის დაგროვება მარტივი 2+2+2 ფორმულით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი (დასაქმებულის) სახელფასო ანგარიშიდან საპენსიო ფონდში დაუბეგრავი შემოსავლის 2% ირიცხება, 2%-ს რიცხავს დამსაქმებელი, 2%-ს კი სახელმწიფო.
2%(ხელფასი)+ 2%(დამსაქმებელი)+2%(სახელმწიფო)= დაგროვებითი პენსია
აქვე უნდა განვმარტოთ, თუ როგორ რიცხავს სახელმწიფო თავის წილ კონტრიბუციას დასაქმებულის ინდივიდუალურ ანგარიშზე: თუ დასაქმებულის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება წლიურ 24 ათას ლარს, რიცხავს 2%-ს, ხოლო, თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, რიცხავს 1%-ს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.
ვის შეუძლია დაგროვებით პენსიაზე უარის თქმა?
თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ან მეტი შეგისრულდათ, შეგიძლიათ ნებაყოფლობით დატოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა.
როდის დავწეროთ განცხადება:
საპენსიო სქემის დატოვება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ორი თვის განმავლობაშია შესაძლებელი. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) გაქვთ მხოლოდ ორი თვე.
მართალია საპენსიო სქემა 1 იანვარს ამოქმედდა, მაგრამ თუ ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი 15 იანვარს განახორციელა და დეკლარაცია დახურა, ანუ სქემაში 15 იანვარს ჩაერთეთ, მაშინ თქვენთვის სამი თვის ათვლა 15 იანვრიდან დაიწყება და მხოლოდ 15 აპრილიდან ორი თვის განმავლობაში შეძლებთ დაწეროთ განაცხადი საპენსიო სქემიდან გავლის შესახებ.
გაითვალისწინეთ! თუ ამ ვადაში ვერ მოასწარით პროგრამიდან გასვლა, შემდეგ საპენსიო სქემას უკვე ვეღარ დატოვებთ.
თუმცა, თუ გახვედით, დაბრუნების შესაძლებლობა ძველებურად გრჩებათ. აქვე გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებთ!
სად ვნახოთ დეკლარაციის შევსების თარიღი?
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე.
პირად პროფილზე შესასვლელად გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც თქვენი ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. ბუღალტერმა ეს პაროლი სისტემაში დარეგისტრირებისას მიიღო და ვალდებულია გაცნობოთ მოთხოვნის შემთხვევაში).
1. შედიხართ საპენსიო სააგენტოს საიტზე www.pensions.ge
2. შედიხართ ველზე: სააგენტოს სისტემაში შესვლა https://agency.pensions.ge/ge/login
3. ავსებთ ორ ფანჯარას: მომხმარებლის ფანჯარაში წერთ პირად ნომერს, პაროლის ფანჯარაში კი პაროლს, რომელიც თქვენმა ბუღალტერმა მოგცათ
4. თუ ორ ან მეტ ადგილზე ხართ დასაქმებული, საჭიროა ორი პაროლი
სად და როგორ დავწეროთ განცხადება?
განაცხადი პენსიიდან გასვლის შესახებ უნდა დაწეროთ თბილისში, საპენსიო სააგენტოს მთავარ ოფისში (ნ. ყიფშიძის 7ბ), ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. საქართველოს მასშტაბით სულ 69 ფილიალია. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18
განცხადების დაწერის პროცედურა ადვილია და სამ წუთზე მეტს არ მოითხოვს.
ხელმოწერის შემდეგ განცხადება აიტვირთება სისტემაში და ამ დროიდან თქვენ უკვე აღარ ხართ საპენსიო სააგენტოს მომხმარებელი.
თუ ვერ ახერხებთ განცხადების დასაწერად მისვლას:
თუ ამ ორი თვის განმავლობაში განცხადების დასაწერად მისვლას ვერ ახერხებთ, თქვენ ნაცვლად განცხადების დაწერა შეუძლია პირს, რომელსაც თქვენგან ნოტარიულად დამოწმებული სათანადო მინდობილობა აქვს.
სად წავა უკვე დაგროვებული ფული?
საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაგროვებული თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, მოქალაქე) უკან უბრუნდება.