საპენსიო სააგენტო: საინვესტიციო საბჭოს წევრობა 100-ზე მეტ ადამიანს სურს

© photo: Sputnikპენსიონერი
პენსიონერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია შეავსეს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს შესარჩევი კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და შესულ აპლიკაციებს განიხილავს.

სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთიდან.

პენსიონერები თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ხელისუფლება: საპენსიო დანაზოგი საქართველოში ოთხჯერ გაიზრდება

საბჭოს შესარჩევი კომისიაში შვიდი წევრია – ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები; პარლამენტის წარმომადგენლები – აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ლალაზაშვილი.

„დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონის მიხედვით, თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ ორი კანდიდატურა უნდა იქნეს შერჩეული, რომლებსაც შესარჩევი კომისია პარლამენტს წარუდგენს.

„საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შესარჩევი კომისია არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით“, – წერია დოკუმენტში.

აღნიშნული კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს და მათ ხუთი წლის ვადით პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

„საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუალური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ლევან სურგულაძე - Sputnik საქართველო
რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა

ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში პირველი იანვრიდან ამოქმედდა. იგი სავალდებულოა მხოლოდ 40 წლამდე ასაკის დასაქმებულთათვის. ბოლო მონაცემებით, სულ საპენსიო სისტემაში 747,8 ათასი ადამიანია ჩართული.

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

საპენსიო ასაკის მიღწევამდე სისტემის ყველა მონაწილის დაგროვებული საპენსიო თანხები საინვესტიციო პროექტებში ჩაიდება. საპენსიო სააგენტოსთან არსებული საინვესტიციო საბჭო განახორციელებს მომავალი პენსიების ინვესტირებას. ინვესტირება განხორციელდება ფულად საშუალებებში, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, ადგილობრივი ხელისუფლების ფასიან ქაღალდებში, საწარმოთა ფასიან ქაღალდებში, საინვესტიციო ფონდებში. ინვესტიციების პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი დააკვირდება.

ყველა ახალი ამბავი
0