თბილისი, 19 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ვინ გადავიდა მეორე ტურში: ,,გირჩმა“ საკუთარი ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა >>
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე:
1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით (არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა).
2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, პრესმედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა).
ასევე, ადმინისტრაციული წესით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს ხუთი პირი, მათ შორის საინფორმაციო სააგენტოების - პრესა.ჯი-სა და I-TV-ის დირექტორი გიორგი კაპანაძე. უწყების ინფორმაციით, კაპანაძე პოლიციის წინააღმდეგობისა და მოწოდებების მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას ავტომანქანის კარისა და საბარგულის გახსნის გზით. შსს-ს განცხადებით, ამ დროისთვის ხუთივე პირი თავისუფალია.
გარდა ამისა, 10-მდე ინციდენტის შესწავლის შედეგად, არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ფაქტის შესწავლა, აცხადებენ შსს-ში.
პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.
გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა.