თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ დაკრედიტების ახალი წესების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ის აცხადებს, რომ პოლიტიკის ძირითადი პრინციპები არ გადაიხედება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.
ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა >>
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არის გარანტი რომ მოქალაქეები დაცულები იქნებიან. ეს გენერალური ხაზი არ გადაიხედება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
პრემიერის თქმით, ახალი რეგულაციების შედეგად დღეს საქართველოში 600 000 ადამიანი კრედიტორების წნეხისგან დაცულია.
„ჩვენ დავამკვიდრეთ სამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო სწორი ნაბიჯი,დაკორექტირება ამ პოლიტიკის. ამან გამოიღო კონკრეტული შედეგი და რეიტინგებში წინ წავიწიეთ. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია, რომ მივაღწიოთ ლარში სესხების კიდევ უფრო გაიაფებას“, - განაცხადა ბახტაძემ.
თუ ციფრები აჩვენებს, რომ რეგულაციები სექტორის განვითარებას აფერხებს, თუ პრობლემები შეიქმნა, პროფესიონალები მუშაობენ და საკითხი გადაწყდება, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ადრე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საბანკო სექტორში ახალი წესები ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის არის საჭირო. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეროვნული ბანკის ხაზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.