თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც საკურორტო ვაუჩერის მისაღებად განცხადება აქვს შეტანილი მერიაში, დაკმაყოფილდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.
„მომსახურების გაუმჯობესებამ გამოიწვია განცხადებების რაოდენობის ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ მერია მუდმივად ზრუნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და ოჯახებზე, უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე, მომხდარიყო დამატებითი რესურსების მობილიზება და ყველა განცხადების დაკმაყოფილება. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერთან კონსულტაციის შედეგად უკვე მიღებულია“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.
მისი თქმით, მერია დააკმაყოფილებს ყველა იმ პირს, ვინც დარეგისტრირებულია თბილისში და აქვს შშმ პირის სტატუსი.
აღნიშნულ პირებს მერიაში განცხადება შეტანილი უნდა ჰქონოდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით.
როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, დღეისათვის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ბიუჯეტია 826 000 ლარი, ვაუჩერის ღირებულება კი 700 ლარია. აპ ეტაპზე ვაუჩერის გაცემაზე 1180 ბავშვს აქვს თანხმობა მიღებული. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საკურორტო ვაუჩერით დაკმაყოფილდება ყველა ის პირი, ვინც ამ ეტაპზე სარეზერვო სიაშია.
„შეღავათიანი მედიკამენტების“ პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება >>
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პროგრამით სარგებლობდა 600 შშმ პირი და თითოეული მათგანისთვის მერია 400 ლარს გამოყოფდა.
საკურორტო მომსახურებით სარგებლობენ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში, ან, რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, შესაბამის მომსახურებას თბილისში არსებულ შშმ პირთა დღის ცენტრში იღებენ.
მერია პროგრამის მოსარგებლეებზე გასცემს ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ისინი თავად ირჩევენ სასტუმროს საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 6 დღე-ღამის განმავლობაში.