თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს შეიძლება 15 წელიწადში მიაღწიოს, თუ ეკონომიკური ზრდის დღევანდელ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მოხსენებაში - „რეგიონული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები“.
დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებები და პერსპექტივები. საუბარია ასევე ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ ცვლილებებზე, რომლებმაც რეგიონებში ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქონია გავლენა. აქვე განხილულია მმართველი ორგანოების წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი ამოცანები.
უკეთესი ცხოვრებისთვის
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლები ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით პრაქტიკულად ერთნაირია. თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს მიზნობრივი მაჩვენებლისგან აშორებს 15 წელი, სომხეთს – 20 წელი, აზერბაიჯანს კი – თითქმის 50 წელი.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას იმედიანად უყურებს >>
საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან არიან ყაზახეთი და თურქმენეთი, რომლებმაც მიზნობრივ მაჩვენებელს დაახლოებით 10 წელიწადში შეიძლება მიაღწიონ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სტაბილურია. ქვეყნებმა გადალახეს 2014-2016 წლების საგარეო შოკი. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ზრდა რეგიონში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია საიმისოდ, რომ მოქალაქეთა ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს.
როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა
2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,6 პროცენტი იქნება, ნათქვამია სსფ-ის მოხსენებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურაში მსხვილი ინვესტიციების დაბანდება შარშან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროცესი გადაიდო და წელს განახლდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზს, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 6% იქნება.
მსოფლიო ბანკის გათვლით, ეკონომიკური ზრდა 2019 წელს შენელდება და 4,6% იქნება, 2021 წლისთვის კი ტემპი აღდგება და 5%-ს მიაღწევს. ეკონომიკის ზრდის შენელებას მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დაკრედიტების პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებს.
მსოფლიო ბანკის აზრით, ზომების გამკაცრებას მოჰყვება დაკრედიტებისა და კერძო მოხმარების დონის შემცირება, ამასთანავე გაიზრდება საბანკო სექტორის მდგრადობა და მისი უნარი – შეინარჩუნოს ეკონომიკის სტაბილურობა.
დაკრედიტების ახალი წესები და მათი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე
რას იტყვის მთავარი ბანკირი... ანუ როგორი იქნება კობა გვენეტაძის ვერდიქტი? >>
სსფ-ის მონაცემებით, საქართველოში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ხანდაზმული და უიმედო კრედიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მოხსენების მიხედვით, საქართველოში პრობლემური სესხების მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ია, უიმედო სესხებისა – დაახლოებით 2,5%. ორივე მაჩვენებელი 2018 წლის სტატისტიკასთან შედარებით გაუმჯობესებულია. მაშინ, სსფ-ის მონაცემებით, პრობლემური კრედიტების წილი 15%-ს აღემატებოდა, უიმედო კრედიტებისა კი 5%-ის ფარგლებში მერყეობდა.
„2015-2018 წლებში საქართველოში კერძო სექტორის დაკრედიტება დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, რაც რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელია“, – ნათქვამია მოხსენებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეტალურად გააანალიზებენ კრედიტის აღების მსურველის ფინანსურ მდგომარეობას. მათ უნდა იხელმძღვანელონ სუფთა მოგებით. გარდა ამისა, დაწესებულია სესხის დაფარვის ყოველთვიური ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარებში გაცემა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველოში საკრედიტო პოლიტიკა რომ არ გამკაცრებულიყო, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.