თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 5% იქნება, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის მასალებში.
ბანკის პროგნოზებით, 2020 წელს ზრდა უმნიშვნელოდ შემცირდება და 4,9%-ს შეადგენს.
„ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნითა და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მზარდი მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა", – განაცხადა საქართველოში ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, ეკონომიკურ ზრდას 2019 და 2020 წლებში ხელს შეუწყობს ექსპორტი და დაეხმარება ინვესტიციები.
2019 წელს ზრდა დაფიქსირდება საფინანსო სექტორში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ასევე მშენებლობაში. შედარებით მაღალი ინვესტიციები, კარგ ამინდთან ერთად, დააჩქარებს სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპს 2,6%-მდე, შემდეგ კი 2,8%-მდე.
ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ინფლაცია დაახლოებით 3,2%-ს შეადგენს, ხოლო 2020 წელს 3%-მდე შენელდება. საკრედიტო სტანდარტების გამკაცრებამ უნდა შეამციროს კრედიტების ზრდა 2019 წელს 13%-მდე, ხოლო 2020 წელს – 12,5%-მდე. ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ეტაპობრივად შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს 2020 წლის ბოლოსთვის იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე 3%-ზე ქვევით დარჩება.
პროგნოზირებული ვარდნის რისკი შეიძლება გამოიწვიოს გარე შოკებმა და სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციამ, მკაცრმა დაკრედიტებამ, საპროცენტო განაკვეთების გლობალურმა ზრდამ, ფინანსურ ბაზარზე არსებულმა სირთულეებმა ან კაპიტალური ხარჯვების შემცირებამ.
საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება>>
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდამ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 4,7% შეადგინა.
რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2019 წლის თებერვალში, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვალში – 4,1%.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, ფონდში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც მოსალოდნელია, უფრო დაბალი საგარეო მოთხოვნისა და დაკრედიტების მეტად ნელი ზრდის კომპენსირებას მოახდენს.
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 5%-ის დონეზე პროგნოზირებს, ხოლო შემდგომ წლებში – 5,1%-ის დონეზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს>>
ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.