საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისიამ მთავრობის მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში დადებითად შეაფასა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მიზნით საქართველოში იმყოფება.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მოიწონა 2018 წლის დეკემბერში პროგრამის მესამე მიმოხილვა და საქართველოს 41,6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის მორიგი ტრანში გამოუყო.

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე დაამტკიცა პროგრამის მესამე მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი", – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სსფ-ის მისია პროგრამის მორიგი, მეოთხე მიმოხილვის მომზადების ფარგლებში შეხვედრებს მართავს ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებთან და პარლამენტის დეპუტატებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განიხილავენ 2019 წლის მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, საშუალოვადიან ფისკალურ პარამეტრებს ქვეყანაში, ასევე ეკონომიკურ დინამიკას რეგიონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: „თიბისი" ბანკისთვის საფრთხე ამჟამად არ არსებობს

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების მსვლელობას, პირველ რიგში, განათლების სისტემაში და ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით.

წინასწარი მონაცემებით, სსფ-ის მისია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მუშაობას ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და გარე შოკების გადალახვის კუთხით.

უფრო ადრე მისიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ, მიუხედავად დადებითი შედეგებისა, ხელისუფლება აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებით გარე ბაზრებზე სიტუაციის შესაძლო გაუარესების მიმართ, ასევე განაგრძოს რეფორმები ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობისთვის.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების პირობით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0