თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს მაღალმთიანი თუშეთის რეგიონისკენ მიმავალი გზის გაწმენდას ხელს უზარმაზარი ლოდები უშლის, იუწყება პირველი არხი.
სოფელ ომალოსკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1,8 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, და თუშეთის ეროვნული პარკისკენ ერთადერთი - ფშაველი-აბანო-ომალოს გზა მიდის.
თუშეთში ცხრა ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია მიენიჭა >>
გაწმენდით სამუშაოებს კომპანია შპს „გერალი“ აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან წიკლაური სამუშაოების შეფერხების მიზეზად გზის 25-ე კილომეტრზე რამდენიმე დღის წინ კლდიდან ჩამოშლილ ლოდებს ასახელებს.
„ძალიან დიდი ზომის ლოდებია გზაზე ჩახერგილი. ჩვენი ტექნიკით შეუძლებელია მისი გატანა, გამოსავალი მხოლოდ ბურღვა-აფეთქების საშუალებით დაშლაა და მერე გატანა. გზების დეპარტამენტს ამის თაობაზე უკვე ვაცნობეთ“, – განაცხადა ლევან წიკლაურმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უწყებამ ნება დართო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას, ლოდების ბურღვა-აფეთქების სამუშაოები ჩაატაროს. გზის აღნიშნული მონაკვეთის გაწმედა ორ დღეში იქნება შესაძლებელი.
როგორც თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განაცხადა, თუშეთისკენ მიმავალი გზის გახსნა ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი.
„ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტული სეზონისთვის ჯავშანზე შეკვეთასაც სტუმრებისგან ამ დროისთვის იღებს. თუ გზის გაწმენდა დროულად ვერ მოხერხდება, თუშეთში მდებარე სასტუმროებისთვის ეს დიდი ზარალი იქნება“, – განაცხადა თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სხვა წლებში, ამ დროს გზა აბანოს უღელტეხილამდე იყო გაწმენდილი, ახლა კი უღელტეხილამდე კიდევ 20 კმ-ია დარჩენილი.
ფილმი თუშეთის შესახებ სლოვაკეთში აგროფესტივალის პრიზიორი გახდა >>
თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის მაისიდან ოქტომბრამდე იხსნება, დანარჩენი ექვსი თვე კი უხვი თოვლის გამო გაუვალია. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ომალოს თელავთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.