თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ნასოფლარი ჭონთიო შევიდა თუშეთის ციხე-სოფლებისა და ნასოფლარების სიაში, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსცა.
ნასოფლარი ჭონთიო სოფელ გირევიდან 1,5 კილომეტრში, მდინარე ქვახიდისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალ მთაზე მდებარეობს.
სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა და იქ ძირითადად იუკურები (იუკურიძე) და ითიურები (ითიურიძე) ცხოვრობდნენ.
ოზურგეთში შუა საუკუნეების ტაძარი დანგრევას გადაურჩება >>
სოფლის მკვიდრები ჯერ გირევში, შემდგომ კი კახეთში გადავიდნენ.
სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ ორ დღესასწაულს. „მადოლობას“ ზეიმობდნენ ივლისის ბოლოს, დღესასწაული იოანე ნათლისმცემელს ეძღვნებოდა. ხოლო „თურსიეხობას“ აღდგომიდან ორი თვის შემდეგ აღნიშნავდნენ.
ციხე-კოშკი, რომელიც დგას ნასოფლარის პირას, ჩრდილოეთით, აგებულია XVIII საუკუნეში. შენობა ხუთსართულიანია, აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის მეორე და მესამე სართულების კედლები შიგნით მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ციხე-სახლის მეხუთე სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია, დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.