თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოში კატასტროფულად გაიზარდა საკეისრო კვეთების რაოდენობა და კლინიკებს უზარმაზარი ჯარიმების გადახდა უწევთ, განაცხადა პრესკონფერენციაზე „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ.
სამშობიარო სახლებისთვის 2017 წლის 1 მარტიდან სანქციები ამოქმედდა. მათ წლის განმავლობაში საკეისრო კვეთის ჩატარების უფლება მშობიარეების საერთო რაოდენობის მხოლოდ 40% შემთხვევაში აქვთ. ვინც ამ მაჩვენებელს აჭარბებს, აჯარიმებენ.
„საქართველოში საკეისრო კვეთის კატასტროფული მატება გვაქვს. არადა, 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციტივით, პარლამენტმა აკრძალვა მიიღო, რომლითაც კლინიკები იზღუდებიან და თუ საკეისრო კვეთა 40%-ს სცდება, ისინი ჯარიმდებიან. ჯარიმების ოდენობა კი იმდენად მაღალია, სამშობიარო სახლები იხურება კიდეც. თუ სასიცოცხლო ჩვენებით ორსულს სჭირდება, რომ მშობიარობა დასრულდეს საკეისრო კვეთის ოპერაციით, მაგრამ ვერ მოხდა 40%-იან ზღვარში და 41%-ში გადავა, ამ შემთხვევაში კლინიკა და ექიმი ჯარიმდება. როდესაც კლინიკას აჯარიმებენ, კლინიკა და ექიმი ერთად იხდიან ამ ჯარიმას", – განაცხადა ლოლუამ.
ლოლუამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საკეისრო კვეთების მაჩვენებელი, მაგალითად, 41 პროცენტს აღწევს, კლინიკა იხდის არა გადაჭარბებული 1 პროცენტის, არამედ 41 პროცენტის ჯარიმას. შედეგად, გამოდის, რომ 41%-ს ამრავლებენ 300 ლარზე და ჯარიმა კოლოსალური ოდენობისა ხდება – 40 ათასიდან 340 ათასამდე.
„ამან გამოიწვია მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა. არის მრავალი კლინიკა, რომლებიც დაჯარიმებული არიან და იხდიან. ამ დახურვით მრავალი ექიმი დარჩა სამსახურის გარეშე და უხელფასოდ", – აღნიშნა ლოლუამ.
საკეისრო კვეთების ყველაზე დიდი მაჩვენებელია სამეგრელო-ზემო სვანეთში (51%), შემდეგ მოდის იმერეთი (41%), აჭარა (40%), კახეთი (38,5%) და თბილისი (37,5%), განაცხადა ლოლუამ.
საკეისრო კვეთამ, რომელიც ხსნად იყო მიჩნეული, საქართველოში სრულიად საპირისპირო შედეგები გამოიღო: გაიზარდა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, აღნიშნა ლოლუამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების რაოდენობამ 15%-ს არ უნდა გადააჭარბოს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 44%-ია, აღნიშნა მან.
ლოლუას განცხადებით, საკეისრო კვეთების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს, მაგრამ არა ამ კანონის მეშვეობით. ამ კანონმა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა – საკეისრო კვეთების რაოდენობა არ შემცირდა, არამედ კლინიკებში გადანაწილდა. სამაგიეროდ, გაიზარდა დედებისა და ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ასევე ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოჭრა), აღნიშნა ლოლუამ.
კლინიკებისთვის საკეისრო კვეთების შეზღუდვის შესახებ კანონმა გააჩინა ისეთი ტერმინი, როგორიცაა „მორბენალი ორსულები". ქალები სხვადასხვა კლინიკას მიმართავენ და ეძებენ ისეთს, რომელიც საკეისრო კვეთას დათანხმდება.
საქართველოში 2017 წელს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა 23,4 ათას მშობიარეს, რაც მშობიარობების საერთო რაოდენობის 44,6%-ია. ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 24,4 ათასი (43,7%) იყო.
საკეისრო კვეთა: რატომ აჯარიმებენ სამშობიაროებს>>
მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს – 800 ლარით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით, არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ 500 ლარს.