ისევ ჰესის ბრალია? აჭარაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ჩაატარა

გამოწერა
მთაზე არსებული ნაპრალებისა და მეწყერსაშიშროების გამო სოფელ ბუთურაულის მოსახლეობა აცხადებს, რომ იქ ცხოვრება არის საფრთხის შემცველი

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. სოფელ ბუთურაულში მცხოვრებმა 60-მა ოჯახმა მათი განსახლების მოთხოვნის საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება პირველი არხი.

გოდოლაძე: სეისმურ ზონებში აშენებული ჰესები საქართველოს ძვირი დაუჯდება >>

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სოფელი „წითელ ზონაში“ ხვდება, ტერიტორია არის მეწყერსაშიში და იქ ცხოვრება სახიფათო ხდება. მათი თქმით, გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა მოხდინა შუახევი ჰესის მშენებლობამ, რადგან დაშრა წყაროები და წიწვოვანმა მცენარეებმა ხმობა დაიწყო.

„მთებზე ნაპრალებია, გეოლოგიურად კი, არ არის არაფერი შესწავლილი. ჩვენ ვითხოვთ გეოლოგიურ დასკვნას და ამის შემდეგ გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, შეიძლება თუ არა, აქ ცხოვრება”, – აცხადებს ბუთურაულის მცხოვრები მანუჩარ მიქელაძე.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
პანკისის მოვლენების კვალდაკვალ - ექსპერტთა მოსაზრებები საქართველოში ახალი ჰესების შესახებ

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ გეოლოგებმა ვითარება უკვე შეისწავლეს. თუმცაღა გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს დამატებითი კვლევის ჩატარება დაავალეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, სოფლის შენარჩუნება, რომ მთა არ დაიცალოს. ამ მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ვახორციელებთ; სოფელ ბუთურაულში იწყება გზის მშენებლობა, წყლით მომარაგების სისტემისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

ბუთურაულიდან 33 ოჯახი გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე უკვე განსახლდა, მათგან 22-ს სახელმწიფომ შეუძინა ალტერნატიული საცხოვრებელი, 11-ს კი სოციალურ სახლში გადაეცა ბინები. ფუტკარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სხვებსაც სათანადო პირობებს სოფლის დანარჩენ მოსახლეობასაც შექმნიან.

გახდა თუ არა სოფელში შექმნილი სიტუაციის მიზეზი შუახევი ჰესი, რაიონის მერს არ დაუკონკრეტებია.

საქართველომ რუსეთისგან აფხაზეთის მომარაგების მიზნით ელექტროენერგია შეიძინა >>

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამის გამო პანკისის ხეობაში არეულობებს ჰქონდა ადგილი. ვითარება პანკისის ხეობაში 21 აპრილს გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებისა და პერსონალის უსაფრთხოება უნდა დაეცვა, შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი – 38 პოლიციელი და 17 ადგილობრივი მცხოვრები.

ყველა ახალი ამბავი
0