გოდოლაძე: სეისმურ ზონებში აშენებული ჰესები საქართველოს ძვირი დაუჯდება

© Sputnik / Alexander ImedashviliХХ საუკუნის დასაწყისში აშენებული ჰესი აჭარისწყალზე
ХХ საუკუნის დასაწყისში აშენებული ჰესი აჭარისწყალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ანგარიშებზე სერიოზულად არავინ მუშაობს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ყველა პროექტი ხელახლა უნდა გადაიხედოს, რადგან ხშირად ისინი სეისმურად აქტიურ ზონებში შენდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა>>

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამის გამო პანკისის ხეობაში არეულობებს ჰქონდა ადგილი. ვითარება პანკისის ხეობაში 21 აპრილს გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებისა და პერსონალის უსაფრთხოება უნდა დაეცვა, შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი – 38 პოლიციელი და 17 ადგილობრივი მცხოვრები.

„მონაცემთა ბაზა, იგივე მდინარეებთან დაკავშირებით, არ არის. ეს არის ჰესების სერია, საცხობივით აცხობენ ჰესებს და თითქმის ყველგან პრობლემაა. ჰესებს სეისმურ ზონებშიც კი აშენებენ ისე, რომ შესაბამისი საფრთხეები გათვლილი არც არის. პრობლემაა ისიც, რომ ჰესების სამშენებლო ნორმები საერთოდ არ გვქვს", – განაცხადა გოდოლაძემ.

მისი თქმით, პროექტების გადახედვის თვალსაზრისით აუცილებელია კომპეტენტური, მათ შორის, საერთაშორისო ავტორიტეტული ექსპერტების მოწვევა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: ჰესის მშენებლობის დასაწყებად საჭიროა სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა

„გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომელიც უნდა ახლდეს ჰესების მშენებლობას, გადაკოპირებულია ერთი რეგიონიდან მეორეზე. გადაწყვეტილებას იღებს ის ხალხი, რომელიც ამ საკითხებში საერთოდ ვერ ერკვევა და გამოცდილებაც არ აქვს... ეს პროექტები ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ", – აღნიშნა გოდოლაძემ.

იმის მიუხედავად, რომ პანკისის ხეობაში ჰესი მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ.

ამასთან, კომპანიებმა „ალაზანი ენერჯი" და „ფერმა", რომლებიც ჰესებს აშენებენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ისინი საკუთარ თავზე იღებენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებას, თუ ასეთი წარმოიქმნება.

პანკისის მოვლენების კვალდაკვალ - ექსპერტთა მოსაზრებები საქართველოში ახალი ჰესების შესახებ>>

მინისტრებისა და უხუცესების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.

ყველა ახალი ამბავი
0